Victoria’s Secret-ს ძალიან მალე ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელი ეყოლება. გუშინ გავრცელებული სიახლის თანახმად, ქალის თეთრეულის ცნობილმა ბრენდმა არჩევანი Conde Nast – ის რაულ მარტინეზზე შეაჩერა. Conde Nast აშშ-ში მასმედიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპანიაა, რომელიც გამოსცემს ისეთ ჟურნალებს, როგორებიცაა: Vogue, The New Yorker, GQ, Glamour, Architectural Digest, Vanity Fair და სხვები.

Conde Nast-ში შემოქმედებითი ხელმძღვანელის და მთავარი მრჩეველის თანამდებობას ამერიკული ვოგის რედაქტორი, ანა ვინტური იკავებს. მარტინეზი ანას დაახლოებული პირია. ის ლეგენდარულ რედაქტორთან Vogue – ში, Vanity Fair – სა და GQ – ში 2015 წლიდან მუშაობდა, თუმცა მოდაში კარიერა ჯერ კიდევ 1996 წელს, შემოქმედებითი სააგენტოს დაარსებით დაიწყო.
“აღელვებეული ვარ, რომ ვიქტორია სეკრეტს ისტორიულ მომენტში ვუერთდები. ჩემთვის პატივია ვიყო ამ საკულტო ბრენდის ნაწილი და დავეხმარო მას ახალი კონცეფციით წარმოდგენაში“, ვკითხულობთ მარტინეზის განცხადებაში.
Victoria’s Secret-ში რადიკალური ცვლილებები 2 წლის წინ დაიწყო, მას მერე, რაც ბრენდის ჩვენებებმა ნახვების ანტირეკორდი დაამყარა და შემოსავლებმა იკლო. რაულ მარტინეზი საქმიანობას 2021 წლის იანვრიდან შეუდგება.