სტრიმინგ სერვის Hulu-ზე ვიქტორია სეკრეტის შესახებ გახმაურებულად დაანონსებული დოკუმენტური სერიალის პრემიერა შედგა. 3 ეპიზოდისგან შემდგარი დოკუმენტური სერიალი ქრონოლოგიურად გვაჩვენებს, როგორც ბრენდის საწყისს ეტაპს და მის გლობალურ ფენომენად ქცევას, აგრეთვე ბოლოდროინდელ წარუმატებლობას, რომელმაც მრავალმილიარდიანი ბიზნესის დაცემა განაპირობა.

Victoria’s Secret იმ სახით, როგორსაც საზოგადოება წლების განმავლობაში იცნობდა, დასრულდა. წარუმატებლობის ზოგადი მიზეზი ცნობილია – იმ ბრენდს, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოსთან დიალოგში შესვლა უჭირს, მომავალი არ აქვს. თუმცა „ვიქტორიას საოცნებო სამყაროს“ ჩამოშლის პროცესი ამდენად მარტივი არ ყოფილა.

ტოქსიკური გარემო და მოდელების მრავალფეროვნების ნაკლებობა ბრენდის გარშემო განვითარებული ბოლოდროინდელი ქაოსის მხოლოდ ერთი მხარეა. “ძალიან ბევრ ადამიანს სმენია ვიქტორია სეკრეტის შესახებ, მაგრამ ცოტამ თუ იცის ლესლი ვექსნერზე,” – გვესმის ახალი დოკუმენტური სერიალის ტრეილერში.

ლესლი ვექსნერი

Victoria’s Secret, 1977 წლის 12 ივნისს, ცოლ-ქმარმა როი და გაია რეიმონდებმა კალიფორნიაში დააარსეს. რეიმონდების ხელმძღვანელობით, კომპანიის პირველი რამდენიმე წელი წარმატებული გამოდგა, თუმცა 1983 წლისთვის ბრენდის ფინანსური მდგომარეობა ჩიხში შევიდა. გაკოტრების გამოცხადებამდე თვეებით ადრე, რეიმონდებმა Victoria’s Secret-ის გაყიდვა გადაწყვიტეს. სწორედ ამ დროს მათ ცხოვრებაში გამოჩნდა ამერიკელი ბიზნესმენი, ლესლი (ლეს) ვექსნერი, რომელმაც მეუღლეებს თეთრეულის კომპანიის 100%-იანი წილის სანაცვლოდ მილიონი დოლარი შესთავაზა. ამგვარად, 1980-იან წლებში, ლესლი ვიქტორია სეკრეტის მფლობელი გახდა.

ვექსნერის ხედვამ ვიქტორია სეკრეტი გლობალურ ფენომენად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ ის კამერების წინ ხშირად არ ჩნდებოდა, ოჰაიოს მკვიდრი ბიზნესმენი ქალის თეთრეულის კომპანიის ერთპიროვნული ლიდერი გახლდათ.

ჯეფრი ეფსტეინი & ლესლი ვექსნერი

Hulu-ს ახალ დოკუმენტური სერიალში ყურადღება ეთმობა ვექსნერის ურთიერთობას სექსუალური ძალადობის და პედოფილიის საქმეზე გასამართლებულ ჯეფრი ეფსტეინთან. ეს კი, ის დეტალია, რომლის შესახებაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცნობილი არ არის. სინამდვილეში ამ ორის საქმიანი თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყო, როდესაც ვექსნერმა ეფსტეინი ფინანსურ მრჩევლად აიყვანა.

1991 წელს, ლესლიმ თავის მფლობელობაში არსებულ ყველა კომპანიაზე, მათ შორის ვიქტორია სეკრეტზეც, ფინანსური წარმომადგენლის უფლება ჯეფრის მიანიჭა. რაც საკამათო და ბევრისთვის დაუჯერებელი ამბავი იყო, გამომდინარე იქედან, რომ ზუსტად 1991 წელს, ბრენდში დასაქმებული ადამიანებისთვის ცნობილი გახდა, რომ ეფსტეინი ახალგაზრდა ქალებთან ურთიერთობის დამყარებას Victoria’s Secret-ის აგენტის სახელით მოტყუებით ცდილობდა. დროთა განმავლობაში,ჯეფრის მიმართ სექსუალური შევიწროების და პედოფილიის ბრალდებებიც გაჩნდა, თუმცა ლესლი ვექსნერი აგრძელებდა მასთან თანამშრომლობას და ახლო მეგობრობას.

რატომ მიანიჭა ლეს ვექსნერმა თითქმის განუსაზღვრელი ძალაუფლება კაცს, რომლის მიმართაც წლების განმავლობაში, უამრავი ბრალდება და საკამათო ისტორია დაგროვდა, მილიონ დოლარად შეფასებული კითხვაა. თუმცა ერთი რამ ცხადია, სექსუალური ძალადობის და არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის საქმეზე გასამართლებულ პიროვნებასთან ახლო მეგობრობა და თანამშრომლობა ვიქტორია სეკრეტის მფლობელს ძვირად დაუჯდა. 2019 წელს, ეფსტეინი ციხეში საეჭვო გარემოებაში გარდაცვლილი იპოვეს. კითხვების არსებობის მიუხედავად, მისი სიკვდილი თვითმკვლელობად შეფასდა.

დოკუმენტური სერიალის სანახავად ეწვიეთ ლინკს – Victoria’s Secret: Angels&Demons.