მიუხედავად იმისა, რომ მოდაში კოლაბორაციების ფენომენმა ზღვარს თითქმის მიაღწია, მიმდინარე მოვლენები გვარწმუნებს, რომ ახლა ყველაფერი თავიდან იწყება.
გავიხსენოთ ადრეული 2000-იანი წლები და კარლ ლაგერფელდის გახმაურებული თანამშრომლობა H&M-თან. ეს იყო კოლაბორაცია, რომელმაც შესაძლებელი გახადა მაღალი მოდის დიზაინერების და მასმარკეტის ბრენდების ურთიერთობა პროფესიულ დონეზე. შემდეგი ნაბიჯი საერთაშორისო ვარსკვლავების გააქტიურება გახდა. საზოგადოებისათვის ცნობილმა სახეებმა უნარები დიზაინერის ამპლუაში გამოსცადეს, ასე შეიქმნა: Topshop by Beyoncé და Adidas by Kanye West.
2010-იან წლებში კოლაბორაცია მოდის ყველაზე ნაყოფიერი სიტყვა გახდა. ვერავინ იფიქრებდა, თუ სპორტული ტანსაცმლის კომპანიის ლოგო ძვირადღირებულ ტუჩსაცხზე აღმოჩნდებოდა, მაგრამ გასულ ათწლეულში, მოდამ იმ ეტაპსაც მიაღწია, როდესაც Supreme და Pat McGrath გაერთიანდნენ.
სწორედ მაშინ, როდესაც ვიფიქრეთ, რომ უკვე ყველაფერი ნანახი გვქონდა,პრესა მოიცვა სიახლემ გუჩის და ბალენსიაგას თანამშომლობის შესახებ. 2021 წლის აპრილში, ვნახეთ, რომ შესაძლებელია Gucci -ის ჩანთას Balenciaga-ს ლოგო ჰქონდეს, ხოლო ბალენსიაგას სილუეტებს გუჩის მონოგრამა ფარავდეს. ეს იყო მომენტი, როდესაც ვიცოდით, რომ მოდაში კოლაბორაციების ახალი ტალღა იწყებოდა.
გუშინ, მილანის მოდის კვირეულზე, Versace-ს გახმაურებულად დაანონსებული „საიდუმლო“ პროექტის პრეზენტაცია შედგა. ჩვენებაზე იტალიური მოდის სახელგანთქმული ბრენდების გაერთიანება ვიხილეთ.
Versace x Fendi მოდის უახლესი კოლაბორაციაა.
დონატელა ვერსაჩემ და კიმ ჯონსმა თანამშრომლობას პომპეზური და სანახაობრივი ხასიათი შესძინეს. ალესანდრო მიკელესგან და დემნა გვასალიასგან განსხვავებით, Fendi-ს და Versace-ს დიზაინერებმა კოლაბორაციის გასამჟღავნებლად დამოუკიდებელი შოუ მოაწყვეს, რომელიც 2 სეგმენტად დაიყო. პირველ ნაწილში ვიხილეთ Versace by Fendi, მეორე ნაწილში – Fendi by Versace.
“მე მიყვარს დონატელა და მიყვარს ვერსაჩე. Versace იმ კულტურის ნაწილია, რომელშიც ვიზრდებოდი, ეს ბრენდი კულტურული ფენომენია. არ ვიცნობ ერთ ადამიანსაც კი, ვისაც დონატელა ვერსაჩეს შესახებ არ სმენია, ვინც მას იცნობს და არ უყვარს, ეს არის დონატელას მაგია,”
– კიმ ჯონსი, Fendi-ს კრეატიული დირექტორი.
“ახალი თაობის დიზაინერები გამოირჩევიან, მათ აქვთ ახალი იდეები, მოდას ახლებურად ხედავენ, რაც ნორმალურია, მაგრამ კიმ ჯონსმა იცის რა არის ლაქშერი მოდა და იცის როგორ გახადოს ის ახალი თაობისთვის ხელმისაწვდომი. ეს სწორედ ისაა, რასაც კიმის გარდა, სხვა ახალგაზრდა დიზაინერში ვერ ვხედავ, გულწრფელად ვამბობ. შეიძლება სხვებიც არიან, მაგრამ მე ვერ ვხედავ,..”
– დონატელა ვერსაჩე, Versace-ს კრეატიული დირექტორი
Versace-ს ჩვენება სუპერმოდელების გარეშე წარმოუდგენელია. ამ მხრივ არც Fendi-სთან კოლაბორაციული შოუ იყო გამონაკლისი. პოდიუმზე პირველ სახედ 1990-იანი წლების საკულტო მოდელი კრისტენ მაკმენემი გამოვიდა, დახურვის პატივი კი, ლეგენდარულ ნაომი ქემბელს ხვდა წილად. ჩვენებაში მონაწილეობდნენ როგორც 90-იანი წლების სახელგანთქმული მოდელები, ქეით მოსი, შალომ ჰარლოუ და ემბერ ვალეტა, აგრეთვე ახალი თაობის ვარსკვლავები: ადუთ აკეჩი, ვიტორია ჩერეტი და ჯიჯი ჰადიდი.
კოლექცია გაყიდვაში 2022 წლის მაისში გამოვა.