Gossip Girl-ის ახალმა ნაწილმა მოლოდინები ვერ გაამართლა და სულ რაღაც 2 სეზონის შემდეგ, HBO-მ სერიალი დახურა, თუმცა მონაწილე მსახიობებმა მაინც მოახერხეს პოპ-კულტურაში თავის დამკვიდრება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უიტნი პიკია. ახალგაზრდა მსახიობი Chanel-ის ამბასადორების რიგებს 2021 წელს შეუერთდა. მაშინ, სერიალის ახალი ნაწილის პირველი სეზონი ჯერ კიდევ არ იყო ეკრანებზე გამოსული,  HBO კი, აქტიურ პიარ კამპანიებში რესურსებს არ იშურებდა.

თითქმის ორი წლის და სერიალის ორი სეზონის შემდეგ, უიტნი პიკი შანელის ცნობილი სუნამოს, Coco Mademoiselle-ის სახე გახდა, რაც კიდევ უფრო დიდი პატივია, ვიდრე ამბასადორებს შორის მოხვედრა. ფრანგული ბრენდის საკულტო პარფიუმერიის ხაზი ერთ-ერთი ყველაზე ელიტური და მოთხოვნადია, გამომდინარე აქედან, მოდის სახლი ყოველთვის დიდი სიფრთხილით ეკიდება სუნამოსთვის ახალი სახის შერჩევას.

უნდა ითქვას ისიც, რომ თუ შანელის პარფიუმერიის სახეებს გადავავლებთ თვალს, ადვილად შევამჩნევთ, რომ ბრენდი მეტწილად კინოს, მოდისა და მუსიკის თეთრკანიან ვარსკვლავებთან ამჯობინებდა თანამშრომლობას. უიტნი პიკი Chanel Coco Mademoiselle-ის პირველი ფერადკანიანი სახეა. “თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა,”- აღნიშნა ახალგაზრდა მსახიობმა, რომლის პოპულარობა შესრულების ოსტატობასთან ერთად, გამორჩეულმა გარეგნობამ და სტილმაც განაპირობა.