Wednesday – “ნეტფლიქსის“ ახალი ჰიტ-სერიალია, რომელიც შემოდგომის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ მოვლენად პრემიერიდან მოკლე დროში იქცა. სერიალის სიუჟეტი მაყურებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი ადამსების უცნაური ოჯახის კიდევ უფრო უცნაური და ინდივიდუალური წევრის უენსდეი ადამსის გარშემო ვითარდება.
სხვადასხვა დროს, ადამსების ოჯახის არაერთი ვერსია გვინახავს. თუმცა “ნეტფლიქსის“ ახალი პროექტის წარმატება მოწმობს, რომ ადამსების ისტორია ნამდვილად უნიკალურია და კარგი შემოქმედებითი გუნდის ჩართულობით, მაყურებელს ისევ და ისევ მიაჯაჭვებს ეკრანებთან.
სერიალში მთავარი გმირის, უენსდეი ადამსის როლს მსახიობი ჯენა ორტეგა ასრულებს. ორტეგას შესრულებას დადებითად აფასებენ, როგორც მოყვარულები, ისე პროფესიონალები. ინტერნეტში, განსაკუთრებით კი – ტიკტოკზე, პოპულარულია ორტეგას მიერ შესრულებული ცეკვა, რომლის ქორეოგრაფიაზეც მსახიობმა დამოუკიდებლად იმუშავა. უხერხული და განსხვავებული მოძრაობებითა თუ გამომეტყველებით, უენსდეი ადამსის ცეკვა ინტერნეტს ვირუსულად მოედო.
პერსონაჟის და მთლიანად სერიალის პოპულარობაში დიდ როლს თამაშობს სტილი. უენსდეის აცვია შავი და თეთრი, „ის ალერგიულია ფერებზე“ და გოთიკური სტილის ნამდვილი ვიზუალური ხატია. სერიალის კოსტიუმებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი სწორედ ცეკვის სცენაში გვხვდება – უენსდეის ალაიას ვინტაჟური კაბა ამშვენებს. ნეილონის ქსოვილისგან შექმნილი შავი მსუბუქი კაბა, ლამაზი საყელოთი, იდეალურად მოძრაობს პერსონაჟთან ერთად და ქმნის დასამახსვრებელ ვიზუალურ ეფექტს. “შთაგონებას დიორის ძველ საღამოს კაბებში ვეძებდი,“ – იხსენებს სერიალის კოსტიუმების დიზაინერი, კოლინ ეთვუდი. ოსკარის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი დიზაინერისთვის უენსდეის სადღესასწაულო ლუქის მოძებნა მარტივი პროცესი არ ყოფილა, თუმცა საბოლოოდ, მას იქ გადააწყდა, სადაც არც ეძებდა. „ბონდ სთრითზე ალაიას მაღაზიაში ვიყავი, ეს კაბა ჰქონდათ მანეკენზე გამოფენილი. შევხედე და ვთქვი, ‘ღმერთო ჩემო, ეს არის!’”