ცნობილი გოგონათა ჯგუფის, BLACKPINK-ის წევრი, Rosé კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე სენ ლორანის შავი ფერის, მინიმალისტური კაბით გამოჩნდა, მოგვიანებით კი, ფრანგული ბრენდის ღონისძიებასაც დაესწრო. ეს კი, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კორეელი ვარსკვლავი სოციალურ მედიაში კანის კინოფესტივალის ყველაზე განხილვადი ფიგურა გამხდარიყო. მის გამოჩენას კანში 6.6 მილიონი დოლარის მედია გამოხმაურება მოჰყვა, აღნიშნულია ანალიტიკური კომპანიის, WeArisma-ს უახლეს რეპორტში.
Rosé სენ ლორანის სახედ 2020 წელს დასახელდა. ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, ენტონი ვაკარელომ იგი დაახასიათა, როგორც „სენ ლორანის მომავლის გოგონა“. მას შემდეგ, უკვე 3 წელია, კორეელი წარმატებით თანამშრომლობს ფრანგულ ბრენდთან.
რეპორტიდან აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ სენ ლორანი, შანელთან და დიორთან ერთად, კანის 2023 წლის კინოფესტივალის ყველაზე განხილვადი ბრენდი იყო. აღნიშნული მოდის სახლების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება დასამახსოვრებელ ვარსკვლავურ მომენტებს უკავშირდება.
დიორის ბრენდისთვის უდიდესი მომენტი იყო ნატალი პორტმანის გამოჩენა. მსახიობმა ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, მათ შორის უშუალოდ წითელ ხალიჩაზე, დიორის საკულტო დიზაინები წარადგინა. რაც შეეხება შანელს, შანელის ამბასადორებს შორის გამოირჩეოდა ლილი-როუზ დეპი, რომელიც კანში, გახმაურებული პროექტის, “The Idol”-ს პრემიერას შანელის 1994 წლის კოლექციაში შემოსილი დაესწრო.