
თუ ბოლოდროს მოდის ტრენდებისთვის თვალი არ გიდევნებიათ და გაინტერესებთ რამ დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო პოდიუმზე, ქუჩის სტილსა თუ ვარსკვლავების გარდერობში, ერთ-ერთი პირველი რაც უნდა იცოდეთ არის ის რომ ახლა ადრეული 2000-იანი წლების მოდა იმაზე პოპულარულია, ვიდრე ამას ვინმე ელოდა. დააბრალეთ ეს მძიმე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც ადამიანებს სტილთან მიმართებით უფრო მხიარული გადაწყვეტილებებისაკენ უბიძგებს, ან უბრალოდ ნოსტალგიას ცუდი გემოვნების მიმართ, ერთი რამ ცხადია, ახლა 2000-იანების გავლენას ვხვდებით თითქმის ყველა წამყვანი ბრენდის შემოქმედებაში. მათ შორისაა პრადაც, რომელიც სახელგანთქმულია თავისი აქსესუარებით და მათი ტრენდების გათვალისწინებით, ხელახალი ინტერპრეტაციით.
იტალიური მოდის სახლის ერთ-ერთი ახალი და ყველაზე პოპულარული ჩანთაა Moon Bag. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრადას ეს მოდელი 2023 წლის ყველაზე მოთხოვნად აქსესუარებში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.


თუ ფიქრობთ, რომ ჩანთის დიზაინი თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობია, არც ცდებით, გამომდინარე იქიდან, რომ ის პრადას ცნობილი Tessuto Moon Bag-ის განახლებული ვერსიაა. როგორც უკვე ითქვა, პრადა ცნობილია საკულტო აქსესუარების ხელახალი ინტერპრეტაციით. ამჯერად, ბრენდმა თავისი ცნობილი მოდელი კიდევ უფრო მოარგო 2000-იანების სტილს და გულშემატკივრებს განახლებული იერითა და შემოკლებული სახელით წარუდგინა.


პრადას 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე, რომელიც გაიმართა მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, Moon Bag მოდის სახლის ერთ-ერთ გამორჩეულ ამბასადორს, მსახიობსა და მოდელს, ჰანტერ შაფერს ეკავა.