იტალიური მოდის უდიდეს ბრენდში გარდამავალი პერიოდი გრძელდება. შემოქმედებითი დირექტორის, ალესანდრო მიკელეს ბრენდიდან წასვლის შემდეგ, გუჩიმ ქალის ტანისამოსის პირველი კოლექციის ჩვენება მილანში, 24 თებერვალს გაიმართა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Sabato de Sarno, გუჩის ახალი შემოქმედებითი დირექტორი, რომელიც ბრენდმა გასულ თვეს წარადგინა, ახალ ამპლუაში თავისი სადებიუტო კოლექციის შოუს სექტემბერში, 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე წარადგენს. მანამდე კი, კოლექციებზე პასუხისმგებელი გუჩის შემოქმედებითი გუნდია.
“კოლექციის იდეა იყო (გუნდის წევრების) პირადი მოგონებებისა და გუჩის ისტორიის გათვალისწინებით, ბრენდის მემკვიდრეობის თანამედროვე თვალით გამორკვევა და მომავლისაკენ გეზის აღება,“ – Gucci.
გუჩის ხელახალი თვითგამორკვევისა და მომავლის შექმნის პროცესში, წარსული უდიდეს როლს ასრულებს. ამის ნათელი მაგალითია ახალი კოლექცია, რომელიც გუჩის საუკუნოვანი ისტორიიდან არაერთ ეპოქას აერთიანებს.
კოლექცია თავისუფალია ლოგოების და მონოგრამის სიჭარბისგან, შეიმჩნევა მარტივი ყოველდღიური კომფორტული სტილი და ტომ ფორდის ეპოქისთვის დამახასიათებელი სიშიშვლე, თუმცა მიუხედავად ამისა, მას მაინც შეიძლება ვუწოდოთ ბუნებრივი გაგრძელება ალესანდრო მიკელეს 7 წლიანი მმართველობის დასრულების შემდეგ.
Gucci შემოდგომა/ზამთარი 2023