მიუხედავად იმისა, რომ ტომ ფორდის Gucci -ის ერა მოდის ისტორიაში ლეგენდად შეიქმნა, გასულ 15 წელში, ამერიკელი დიზაინერის კარიერა არანაკლებ საინტერესოდ განვითარდა. მან შექმნა საკუთარი ბრენდი, Tom Ford, რომელიც იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ დიზაინერს მილიარდერის სტატუსიც მოუტანა. Tom Ford თავდაპირველად შეიქმნა, როგორც მამაკაცის სამოსის ბრენდი, რომლის პოპულარობამაც ფორდს უბიძგა ქალის ხაზის დამატებაც. ერთი შეხედვით, ყველაფერი იმას მიანიშნებდა, რომ Tom Ford მოდაში ფორდის დანიშნულების საბოლოო ადგილს წარმოადგენდა, რაც ასეც არის, თუმცა მოგზაურობა მოსალოდნელზე ხანმოკლე აღმოჩნდა. 2022 წლის ნოემბერში, ტომ ფორდმა საკუთარი ბრენდი ამერიკულ კონგლომერატს, Estée Lauder-ს 2.8 მილიარდ დოლარად მიჰყიდა, 2023 წელს კი, თავისი ფინალური კოლექცია გამოაქვეყნა, რითიც საკუთარ ბრენდს სამუდამოდ დაემშვიდობა. პრესასთან განსაკუთრებული ურთიერთობით ცნობილი დიზაინერი, მთელი ამ დროის განმავლობაში, სიჩუმეს ინარჩუნებდა და დრამატულ სიახლეებთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადებების გავრცელებით შემოიფარგლებოდა.

მაისში, ამერიკელმა დუმილი დაარღვია და Airmail -ის ბრიჯიტ ფოლისთან თავის ამჟამინდელ ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. დიზაინერმა დაადასტურა, რომ საკუთარი ბრენდის გაყიდვითა და შემოქმედებითი დირექტორის პოზიციის დატოვებით, მოდაში 35 წლიანი კარიერა დაასრულა. “არანაირი პასუხისმგებლობა. არაფერი მაქვს გასაკეთებელი. უმუშევარი ვარ, პენსიაზე გასული,” – ამბობს ფორდი. “ახლა გამოძინება მჭირდება. მამაჩემი გარდაიცვალა COVID-ის დროს, რიჩარდი (ბაქლი, ფორდის მეუღლე) გარდაიცვალა. ჩემი პირველი მეგობარი ბიჭი, იან ფალკონერი, დაახლოებით სამი კვირის წინ გარდაიცვალა. კომპანია გავყიდე. საცხოვრებლად გადავედით. რამდენიმე თვე მჭირდება, რომ ყველაფერი გადავხარშო, რაც მოხდა.” 2.8 მილიარდ დოლარად შეფასებული ბრენდის შექმნის პარალელურად, გასულ წლებში, ფორდმა 2 ძალიან წარმატებული ფილმიც გადაიღო. ახლა კი, 61 წლის ასაკში, მზად არის მომავალი მთლიანად კინო რეჟისორის კარიერას დაუკავშიროს. კითხვაზე, თუ როგორი ფილმის გადაღებას აპირებს, როდესაც სამუშაოს დაუბრუნდება, ამერიკელმა ასეთი პასუხი გასცა: “ბნელი კომედიის, რადგან ცხოვრება სწორედ ასეთია. ცხოვრება იმდენად მტკივნეულია, მაგრამ მაინც ძალიან აბსურდული. ვფიქრობ, რომ გარკვეული თვალსაზრისით როგორც კომედიას, ისე თუ არ მიუდექი, შეუძლია მოგკლას კიდეც.”