2023 წლის ყველაზე ამაღელვებელი დებიუტი შედგა. 30 ოქტომბერს, ექსკლუზიურად Phoebephilo.com -ზე, ფიბი ფაილოს ბრენდის სადებიუტო კოლექცია გაყიდვაში ჩაეშვა.

ფიბი ფაილო აღიარებულია, როგორც გასული ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი დიზაინერი. ფიბიმ ყურადღება Chloé-ში მოღვაწეობისას მიიპყრო, თუმცა მისი კარიერული აპოთეოზი Céline-ში, 2008 წელს დაიწყო. სელინის აქსესუარებისა და ტანსაცმლის თაყვანისმცემლები იყვნენ ყველა, მამაკაცები, ქალები, ახალგაზრდები და სოლიდური გამოცდილების მქონე ადამიანები. ფიბის საიდუმლო მისი დიზაინის უბრალო, თუმცა გენიალური ვიზუალი იყო. ინტელექტუალური მოდის მოყვარულებს ესმოდათ, რომ ფიბის Céline არ იყო უბრალოდ ტრენდი ან მომენტი, ეს იყო მარადიული მოდა, რომელიც სცდებოდა ნებისმიერ დროის მონაკვეთს და მათ გარდერობში სამუდამოდ დარჩებოდა.

ფიბი ფაილო

როგორც მოსალოდნელი იყო, ბრენდი Phoebe Philo-ს იდენტობაც ზემოხსენებული ფასეულობებისა და ესთეტიკის გათვალისწინებით შეიქმნა. კოლექციის პრეზენტაცია ჩვენების გარეშე, შოურუმში, პრესის წარმომადგენლებისთვის შედგა. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს, ფაილომ Céline-ში თავისი ძალიან წარმატებული მმართველობაც შოუს გარეშე, შოურუმის პრეზენტაციით დაიწყო.

Quiet Luxury-ისა და მინიმალიზმის დედოფლად წოდებული დიზაინერის სადებიუტო კოლექცია მოიცავს შარვლებს, კაბებს, ნაქსოვ ზედებს, აქსესუარების, ფეხსაცმლისა და ტყავის ნივთებს. ხაზგასასმელია ბრენდის მაღალი საფასო პოლიტიკა, რომლის შესახებაც ინტერნეტში საუბარი არ წყდება. შარვლების ფასები 1400 – 2400 დოლარამდე მერყეობს, კაბები – 2200$ – 8500$, ქურთუკები – 15,500$ – 25,000$. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მოსალოდნელზე მაღალი ფასებისა, კოლექციის ნახევარი, გაყიდვაში ჩაშვებიდან 5 საათში გაიყიდა.

იხილეთ Phoebe Philo-ს სადებიუტო კოლექცია