მას შემდეგ, რაც პოპ-კულტურისა და ვარსკვლავების ფენომენი გაჩნდა, ყველა ეპოქაში ვხვდებით სახეებს, რომლებიც ქმნიან ანდაც ცვლიან არსებულ სტანდარტებს. კინოს, ისევე როგორც მოდას, უდიდესი გავლენა აქვს საზოგადოებაში გავრცელებული სტანდარტების ჩამოყალიბებაში. 2017 წელს, როდესაც ეკრანებზე ლუკა გუადანინოს ფილმი, Call Me by Your Name გამოვიდა, მსოფლიომ ტიმოთი შალამე გაიცნო. სამსახიობო ოსტატობის გარდა, ყურადღებას იქცევდა ახალგაზრდა მსახიობის ბუნებრივი შარმი და გარეგნობა, რომელიც ერთი შეხედვით არ ჯდებოდა მასკულინურობის ტრადიციულ ფორმებში.

ტიმოთი შალამე ფილმში – Call Me By Your Name

დროთა განმავლობაში, კულტურამ მამაკაცის სილამაზის მრავალმხრივი სახე შექმნა, თუმცა მიუხედავად ამისა, მასკულინურობის ხატი მეტწილად უცვლელი რჩებოდა და ის გამორიცხავდა ფემინურობასთან დაკავშირებული ნებისმიერი, თუნდაც მინიმალური დეტალის გამოვლინებას. ინდივიდუალური ლუქის დამკვიდრებასთან ერთად, ხშირად, ზედმეტად სტერეოტიპული სტანდარტები, მამაკაცის ფიზიკურ აღნაგობასთან დაკავშირებით, თანამედროვეობაში მოძველებული ჩანდა, თუმცა სტაბილურ ცვლილებას ყოველთვის სჭირდება სახე, რომელიც ყველას თვალწინ, გლობალურ ვარსკვლავად იქცევა.

ტიმოთი შალამე კანის 2022 წლის კინოფესტივალზე

თხელი აღნაგობით, გამოკვეთილი ყვრიმალებითა და დახვეწილი ნაკვთებით, კინოში ტიმოთი შალამეს კარიერის დასაწყისი, შეგვიძლია მოდაში, ქეით მოსის 1990-იანი წლების კელვინ კლეინის სარეკლამო კამპანიებს შევადაროთ. ტიმოთი არ გამოიყურებოდა, როგორც სტანდარტული მასკულინური ამერიკელი სექს-სიმბოლო, რუჯითა და ნავარჯიშები სხეულით, პირიქით, იგი ბუნებრივობას და სინორჩეს ასხივებდა.

2010-იანი წლების მიწურულს, როდესაც მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა არა მხოლოდ შეიჭრა კულტურის უმაღლეს წრეებში, არამედ მთავარი სალაპარაკო თემაც გახდა, შალამე საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა. იგი იქცა თანამედროვე ჰოლივუდის ოცნების ბიჭად, რომელიც თანამშრომლობს ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: ვუდი ალენი და მარტინ სკორსეზე, ამშვენებს ვოგის გარეკანს, როგორც British Vogue-ის პირველი მამაკაცი სახე, რომანტიკულ ურთიერთობაშია კაილი ჯენერთან და ამასთან ერთად, არ ერიდებდა ისაუბროს თავის მოვლის რუტინაზე და მოირგოს ფემინური დეტალებით გაფორმებული კოსტიუმები წითელ ხალიჩაზე.

გასულ თვეს, ტიმოთი შალამემ თავის ინსტაგრამ პროფილზე Chanel-ის ლოგოს ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც თან შემდეგი აღწერა დაურთო: “CC X TC OTW.” ამგვარად, 27 წლის მსახიობმა ფრანგულ მოდის სახლთან თანამშრომლობა დაადასტურა. შალამე შანელის მამაკაცის საკულტო სუნამოს, Bleu de Chanel-ის სახედ დასახელდა. კამპანიის ირგვლივ აჟიოტაჟი ინტერნეტში პაპარაცული ფოტოების გავრცელებამ გამოიწვია.

2004 წლის Chanel No. 5-ის რეკლამის გადაღებების შემდეგ, რომელშიც ნიკოლ კიდმანი მონაწილეობდა, საერთაშორისო ტაბლოიდებსა თუ სოციალურ ქსელებში, სუნამოს კამპანიის მიმართ ამხელა მღელვარება არასდროს ყოფილა, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა შალამეს ვარსკვლავურ სტატუსს კინოსა და მოდის ინდუსტრიებში.