ტეილორ სვიფტი Time-მა 2023 წლის ადამიანად დაასახელა. სტატუსი, რომელსაც ხშირად, პოლიტიკოსები, რევოლუციონერი გამომგონებლები და გმირები იღებენ, პროფესიით მუსიკოსს პირველად მიენიჭა. ინფორმაციის გავრცელებას მოყვა სვიფტის ვრცელი ინტერვიუ ჟურნალთან, სადაც არტისტი არაერთ თემას შეეხო, მათ შორის 2016 წლის გახმაურებულ სატელეფონი ზარს კანიე ვესტთან.

„კიმ კარდაშიანმა დაარედაქტირა ჩანაწერი და შემდეგ ყველას გამოუცხადა, რომ მე მატყუარა ვიყავი”, – ამბობს ტეილორი. „ამან ფსიქოლოგიურად მიმიყვანა ისეთ ადგილამდე, სადაც აქამდე არასდროს ვყოფილვარ. საცხოვრებლად გადავედი უცხო ქვეყანაში. ერთი წელი ნაქირავები სახლი არ დამიტოვებია. სატელეფონო ზარების მეშინოდა. ჩემს ცხოვრებიდან ადამიანების უმრავლესობა ჩამოვიცილე, არავის აღარ ვენდობოდი. ძალიან, ძალიან მძიმედ დავეშვი.”

თუ 2016-2017 წლებში შეძელით სასწაული და არაფერი გსმენიათ სვიფტსა და კარდაშიან-ვესტს შორის დაპირისპირებაზე, გეტყვით, რომ 2016 წლის თებერვალში, კანიემ გამოუშვა სიმღერა ‘Famous’, სადაც ტეილორ სვიფტს ვულგარული ტერმინით ახასიათებდა: “ვფიქრობ ტეილორ სვიფტს შესაძლოა ჩემთან სექსი ჰქონდეს, რატომ? – I made that b— famous,” ამბობდა კანიე. იმავე თვეს, ტეილორმა გრემის დაჯილდოების სცენიდან, წლის ალბომის ჯილდოთი ხელში, აუდიტორიას მიმართა: „მინდა ვუთხრა ყველა ახალგაზრდა ქალს, რომ გზად შეგხვდებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან შეაფერხონ და მინუმამდე წარმოაჩინონ თქვენი წარმატება და ცნობადობა, ან დააფასონ თქვენი მიღწევები, მაგრამ თუ ფოკუსირდებით თქვენ საქმეზე და არ მისცემთ უფლებას მათ გზად გადაგიდნენ, ერთ დღეს, თქვენ მიაღწევთ იმ ადგილს, საითკენაც მიილტვოდით, მიმოიხედავთ და გეცოდინებათ, რომ ამას თავად მიაღწიეთ და შეძელით, ეს კი, მსოფლიოში საუკეთესო გრძნობაა.“

ტეილორის სიტყვის შემდეგ, კანიეს მიმართ კრიტიკული განწყობები გაიზარდა, რასაც მოჰყვა კიმ კარდაშიანის მიერ ტეილორსა და კანიეს შორის ჩაწერილი სატელეფონო საუბრის გავრცელება. გავრცელებულ აუდიო მასალით, კარდაშიანი ამტკიცებდა, რომ კანიემ ტეილორს სიმღერა ‘Famous’-ის ტექსტი წინასწარ აჩვენა და შეუთანხმა. კიმმა სვიფტს მატყუარა და გველი უწოდა. კიმის გავრცელებულმა კადრებმა, სოციალურ ქსელებსა და მედიაში ქაოსი და სვიფტის მიმართ სიძულვილი გამოიწვია. რის შემდეგაც, ტეილორი ერთი წლით გაუჩინარდა.

2017 წელს, ამერიკელი არტისტი ახალი ალბომით, ‘Reputation’ დაბრუნდა და გაავრცელა გახმაურებული სატელეფონო ჩანაწერის სრული ვერსია. ცნობილი გახდა, რომ 2016 წელს, კარდაშიანმა დარედაქტირებული აუდიო მასალა გაავრცელა და კანიემ ‘Famous’-ის ტექსტი და კონცეფცია ტეილორს წინასწარ არ შეუთანხმა.