ყოველწლიურად, თანამედროვე ციფრულ სამყაროში, ახალი კონცეფციის საინტერესო სოციალური ქსელი ჩნდება, რომელიც უამრავი ადამიანის ყურადღებას იქცევს. ინტერნეტის მომხმარებელიც, განსაკუთრებით მილენიალები და ე.წ „თაობა ზეტი“, მუდმივ მზადყოფნაში არიან გამოსცადონ სიახლეები, რომლებსაც მათ კონკურენტუნარიანი გარემო სთავაზობს. ბოლო დროს, საკმაოდ პოპულარული გახდა მოკლე, სახალისო, საინტერესო, გასართობი ვიდეოები, რომლებსაც 2016 წელს შექმნილ აპლიკაციაზე, TikTok-ზე ვხვდებით. ტიკტოკის პოპულარობის ზრდამ აპლიკაციას მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ადგილი დაუმკვიდრა, როგორც მოდის, აგრეთვე სილამაზის ინდუსტრიებში.
მოდასთან და სილამაზესთან დაკავშირებული ტრენდები, გამოწვევები, მთელი წლის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი კონტენტი იყო. ამასთან, გამოჩნდნენ ტიკტოკის ინფლუენსერები, რომლებმაც მოდის, კოსმეტიკის არაერთ ბრენდს მილიონობით მოგება მოუტანეს. სულ ახალხანს ცნობილი გახდა, რომ American Eagle-ს შემოსავალი 4.26 მილიონი დოლარით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც ცნობილმა ამერიკელმა ტიკტოკერმა, ედისონ რეიმ მათ გამოწვევაში მიიღო მონაწილეობა. გავიხსენოთ TikTok -ზე 2020 წლის რამდენიმე ყველაზე აქტუალურ ტრენდი, რომელიც მოდასთანაა კავშირში.
#GucciModelChallenge
ტიკტოკის გამომწერების ერთ-ერთი საყვარელი ტრენდი, როგორ უნდა ჩავიცვათ Gucci -ს, Versace-ს, Saint Laurent-ის და სხვა ცნობილი ბრენდების პოდიუმის მოდელების მსგავსად.
#HighLowFashion
გამოწვევა, რომელიც ტიკტოკერებს ავალებს შექმნან დაბალფასიანი, ყოველდღიური გამოყენების ნივთებისგან ძვირადღირებული იერსახის ლუქი. ეს ტრენდი ყველაზე კარგად გამოუვიდა თვითნასწავლ დიზაინერს, Gunnar Deatherage, რომელიც მონაწილეობდა ამერიკაში პოპულარულ შოუში, Project Runway-ში. ახალგაზრდა დიზაინერის ვიდეო 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოიწონა.
#Transformation
ტიკტოკის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშა ტრანსფორმაციის ამსახველი ვიდეოები გახდა. ტანსაცმელთან და ფეხსაცმელთან ერთად, განსაკუთრებით პოპულარულია ვიდეოები, რომლებიც მაკიაჟის და ვარცხნილობის იმიჯის ცვლილებას გვაჩვენებს.
#Cardigan
JW Anderson-ის 2021 წლის გაზაფხულის კოლექციის ამ მოდელზე, რომელიც ჰარი სტაილსმა მოირგო, უკვე რამდენჯერმე დავწერეთ. ტიკტოკით დაწყებული ტრენდი სამუზეუმო ექსპონატად იქცა.
#RunwayWalk
პოდიუმის მოდელის კარიერაზე ბევრი ადამიანი ოცნებობს. 2020 წლის მაისში, TikTok-ზე, მილიონობით ადამიანმა საკუთარ თავში ცნობილი ტოპ მოდელი გააცოცხლა.