მას შემდეგ, რაც ამერიკის დიზაინერთა საბჭოს, CFDA-ის თავმჯდომარედ აგირჩევენ, Adidas-ს გახმაურებულ სასამართლო დავას მოუგებ და ჟურნალი Time წლის ყველაზე გავლენიან ვარსკვლავებს შორის დაგასახელებს, რთულია გულშემატკივრებს უფრო ამაღელვებელი სიახლე შესთავაზო, თუმცა თომ ბრაუნს სათქმელი ჯერ კიდევ აქვს და ამაში პარიზის მაღალი მოდის კვირეულის ახალ სეზონზე დავრწმუნდით.
ამერიკელმა დიზაინერმა საფრანგეთის დედაქალაქში თავისი პირველი ოტ-კუტიურ კოლექცია წარადგინა. სადებიუტო ჩვენება თომის ბრენდის 20 წლის იუბილეს დაემთხვა და მიუხედავად პარიზში მიმდინარე პროტესტებიდან გამოწვეული არასტაბილურობისა, დასამახსოვრებელი მოდური მომენტი შექმნა.
ჩვენებას პარიზის ცნობილმა ოპერა გარნიემ უმასპინძლა, სტუმართა რაოდენობამ 300 გადააჭარბა, მათ შორის იყვნენ ვოგის ამერიკული გამოცემის მთავარი რედაქტორი, ანა ვინტური და ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავი ქარდი ბი. მასშტაბები კუტიურისთვის შესაფერისი იყო, თუმცა ერთი რამ უცვლელი დარჩა – ნაცრისფერი.
იხილეთ ჩვენება სრულად: