28 ნოემბერს ერთი წელი გავიდა ახალი თაობის გამორჩეული დიზაინერის, ვირჯილ აბლოს გარდაცვალებიდან. Louis Vuitton-ის კაცის ხაზის შემოქმედებითი დირექტორი და Off-White-ის დამფუძნებელი ორი წლის განმავლობაში იშვიათ, ავთვსიებიან სიმსივნეს, გულის ანგიოსარკომას ებრძოდა. ვირჯილს მძიმე დიაგნოზი 2019 წელს დაუსვეს, ლუი ვიტონში ტრიუმფალური სადებიუტო შოუდან ერთი წლის შემდეგ, თუმცა დიზაინერის გადაწყვეტილებით, ბრენდს ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 41 წლის ასაკში, ვირჯილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ, არა მხოლოდ დიზაინერის და მოდის გულშემატკივრები, არამედ მთლიანად პოპ-კულტურა შეძრა.

ვირჯილ აბლო მეუღლესთან, შენონ აბლოსთან ერთად, Louis Vuitton-ის ჩვენებაზე, 2018 წელს.

დიზაინერის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, ნიუ-იორკ ტაიმსი ვირჯილის ქვრივთან, შენონ აბლოსთან ახალ ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს. მიუხედავად იმისა, რომ აბლო თანამედროვე კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე იყო, რომელიც მუდმივად ექცეოდა ყურადღების ცენტრში, მისი პირადი ცხოვრება განხილვის საგანი არასდროს გამხდარა. “ჩვენი ურთიერთობა ასე აეწყო. გვინდოდა მყარი ოჯახი შეგვექმნა, ამიტომ გვჭირდებოდა, რომ რომელიმე ყოფილიყო სტაბილური პარტნიორი. მე ეს როლი სიხარულით მოვირგე,” – ამბობს შენონ აბლო თავის პირველ ინტერვიუში.

ვირჯილი და შენონი ერთმანეთს 1990-იან წლებში, ილინოისის შტატის ქალაქ როკფორდში შეხვდნენ, 2009 წელს იქორწინეს. როდესაც ვირჯილს იშვიათი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, წყვილს უკვე 2 შვილი ჰყავდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით რის წინააღმდეგ გვიწევდა ბრძოლა, ყველაფერი მაინც იმაზე სწრაფად მოხდა, ვიდრე ველოდით. ჩვენ არ გვქონია ‘ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც უნდა დავტოვო’ საუბრები. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მე მის გვერდით დიდი დრო გავატარე, მისი გონების ყველა ნაწილი ვიცოდი,” – აღნიშნავს შენონი.

შენონ აბლო

2022 წლის დასაწყისში, შენონმა კომპანია Virgil Abloh Securities დააარსა, რომლის მიზანია დიზაინერის დაწყებული ყველა პროექტის ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება და სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა. “ეს მატარებელს გავს, რომელიც საათში 500 მილს გადის. ამ მატარებელზე უნდა დავრჩე, თუ ასე არ მოვიქცევი, არ მეცოდინება – რა მიმართულებით განაგრძობს სვლას. მნიშვნელოვანია, რომ 20 წლის შემდეგ, ჩემმა შვილებმა დაინახონ და თქვან, ეს არის ის რისი შექმნაც მამაჩემმა შეძლო და დედაჩემმა განავითარა.” 

ინტერვიუს სრულად წასაკითხად მიჰყევით ლინკს – The New York Times.