ტეილორ სვიფტის სახელი გასული თვეების განმავლობაში ხშირად გვესმის. მას შემდეგ, რაც პოპ-ვარსკვლავმა გახმაურებული მსოფლიო ტურნე “Eras Tour” დაიწყო, ბიზნესის, მუსიკისა თუ მოდის გავლენიანი გამოცემები სვიფტის ყოველ ნაბიჯს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან. გასულ კვირას, ტეილორმა MTV VMA-ის 2023 წლის დაჯილდოებაზე, რეკორდული 9 გამარჯვება მოიპოვა და ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი მუსიკოსი, რომელმაც ერთ ღამეში, MTV-სგან 9 ჯილდო მიიღო.
მიმდინარე კვირას, ტეილორი კიდევ ერთხელ მოხვდა საერთაშორისო მედიების ყურადღების ცენტრში, როდესაც გულშემატკივრებს, Google-თან თანამშრომლობით, გამოწვევა შესთავაზა. მომღერალი ფანებს “1989 (Taylor’s Version)” ალბომის ტრეკლისტის გავრცელებას დაპირდა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი Google-ში განთავსებულ 33 მილიონ პაზლს (სიტყვათა კომბინაციებს ტეილორის შემოქმედებიდან) გამოიცნობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში, გამოწვევას ზედმეტად ამბიციურიც უწოდეს, ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის ფანებმა დავალებას თავი ერთ დღეში გაართვეს. მეტიც, დატვირთვიდან გამომდინარე, Google-ს სერვებს პრობლემა შეექმნა, რის შემდეგაც კომპანიამ განცხადებაც გაავრცელა.
ხაზგასასმელია, რომ ალბომიდან 5 ტრეკის გარდა, ყველა სიმღერა გულშემატკივრებისთვის უკვე ცნობილი იყო. “1989” ტეილორ სვიფტის რიგით მეხუთე სტუდიური ალბომია, რომელიც მომღერალმა 2014 წელს Big Machine Records-თან კონტრაქტის ფარგლებში გამოუშვა. მას შემდეგ, რაც Big Machine Records -ის ხელმძღვანელობამ ტეილორის ალბომები, მომღერლის ნაცვლად, პროდიუსერ სკუტერ ბრაუნს მიჰყიდა, სვიფტმა პირველი ექვსი ალბომის ხელახლა ჩაწერა გადაწყვიტა. ამ გზით, სვიფტი საკუთარ ალბომებზე მფლობელის სტატუსს იბრუნებს.
“1989” ტეილორის მფლობელობაში, ან Taylor’s Version როგორც მას თავად არტისტი უწოდებს, 2023 წლის 27 ოქტომბერს გამოვა და თავდაპირველ სიმღერებთან ერთად, 5 ახალ ნამუშევარსაც გააერთიანებს. სწორედ 5 დამატებითი ტრეკის სახელწოდების გასაგებად ჩაერთვნენ ფანები Google-ის გამოწვევაშიც.