მუსიკალურმა ფესტივალებმა განვითარების ხანგრძლივი გზა განვლო და თანამედროვეობის იშვიათ კულტურულ ფენომენად იქცა.  ყველა ვთანხმდებით, რომ ზაფხული, მზე და კარგი მუსიკა, განტვირთვისა და დროის სასიამოვნოდ გატარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.  საქართველოსა და კავკასიის რეგიონში უდიდესი მუსიკალური ფესტივალი, Tbilisi Open Air / AlterVision პირველად 2009 წელს გაიმართა და მას მერე, ყოველწლიურად დაუვიწყარ მუსიკალურ თავგადასავლებს გვთავაზობს.

AURORA / Tbilisi Open Air /AlterVision 2024

წელს Tbilisi Open Air -ის პირველი საფესტივალო დღე ნორვეგიელმა არტისტმა AURORA-მ გახსნა. AURORA-ს სადებიუტო ალბომი “All My Demons Greeting Me as a Friend” 2016 წელს გამოვიდა და მომენტალური წარმატება მოიპოვა არტისტის მშობლიურ ნორვეგიაში. ალბომი ნორვეგიის მუსიკალურ ჩარტებში პირველ ადგილზე მოხვდა და AURORA ქვეყნის ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა მუსიკოსად აქცია. სინგლებმა “Running with the Wolves” და “Runaway” მომღერალს საერთაშორისო პოპულარობაც მოუტანა. AURORA-ს სადებიუტო ნამუშევარი ბრიტანული ჩარტების მოწინავე პოზიციებზე აღმოჩნდა. მისი არაამქვეყნიური, უცხო ვოკალი და ელექტრონული პოპისა და ნორვეგიული ფოლკის სინთეზი, მსმენელში ერთდროულად იწვევდა, როგორც სევდისმომგვრელ, აგრეთვე ბედნიერ ემოციებს.

AURORA / Tbilisi Open Air /AlterVision 2024

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, Tbilisi Open Air -ზეც AURORA-ს მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი და მღელვარება არსებობდა. 21 ივნისს ნანახი პერფორმანსის შემდეგ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ მუსიკოსმა მოლოდინს გადააჭარბა. “უცნაურია, მაგრამ საქართველოში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. თქვენ ძალიან ძლიერი ქვეყანა ხართ. ვიცი, რომ ხალხი ქუჩაში აპროტესტებს და იბრძვის რისთვისაც სჯერა. დამპირდით, რომ არასდროს შეწყვეტთ თქვენი ხმის გამოყენებას.” – მიმართა მომღერალმა შეკრებულ მსმენელს სცენიდან.

AURORA / Tbilisi Open Air /AlterVision 2024

უნიკალური, მისტიკური ხმა, ექსპრესიული შესრულების მანერა და სიღრმისეული ლირიკა – AURORA-ს შესრულებას ჰქონდა ყველაფერი ის, რასაც მუსიკის მოყვარულები ცოცხალი პერფორმანსისგან ველით. მსმენელთან მუდმივმა ინტერაქციამ და გაჟღერებულმა მესიჯებმა კი, მისი შესრულება და პერსონა ქართველ გულშემატკივრებში კიდევ უფრო ღირებული და საყვარელი გახადა.