მომავალი წლის 12 თებერვალს, არიზონას შტატი პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნულ საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალს Super Bowl -ს უმასპინძლებს. სუპერთასის ფინალი აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენადაა მიჩნეული, რომელსაც პირდაპირ ეთერში 100 მილიონზე მეტი ამერიკელი ადევნებს თვალს.
სპორტულ მნიშვნელობასთან ერთად, Super Bowl სანახაობრივადაც გამორჩეული ღონისძიებაა. რასაც მეტწილად მატჩებს შორის მუსიკალური შოუ განაპირობებს.
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2023 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს მთავარი გმირი რიანა იქნება. შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავმა ბოლო ალბომი ‘Anti’ მსმენელს 2016 წელს წარუდგინა, ბოლო ლაივ-წარმოდგენა კი, 2018 წლის დასაწყისში, გრემის დაჯილდოებაზე გამართა. რიანას ახალი ალბომის შესახებ სიახლე ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, რიანა Super Bowl-ზე მხოლოდ ძველი ჰიტებით არ დაბრუნდება. ამის თქმის საფუძველს აგრეთვე გვაძლევს ბოლოდროინდელი პაპარაცული ფოტოები. ერთი კვირის განმავლობაში, მუსიკოსი რამდენჯერმე დააფიქსირეს ხმის ჩამწერი სტუდიებისკენ მიმავალი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მომავალ წელს პირველად, შოუს მთავარი სპონსორი Apple Music იქნება და არა Pepsi. პეპსისთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ სიახლე ეროვნულმა საფეხბურთო ლიგამ (NFL) მაისში გაავრცელა.