გუშინ პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული ლიგის ჩემპიონატის ფინალი – Super Bowl გაიმართა. სპორტულ მნიშვნელობასთან ერთად, ეს ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ღონისძიებაც არის. დაანონსებული ფილმების ტრეილერები, საიმიჯო რეკლამები, თიზერები – Super Bowl-ის ღონისძიებას არაერთი ინდუსტრია, მათ შორის მოდაც მარკეტინგული მიზნებისათვის იყენებს.
Super Bowl- ის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი მატჩებს შორის შოუა, რომელსაც ყოველ წელს სხვადასხვა მთავარი გმირი ჰყავს. წლევანდელ შემსრულებლებს შორის იყვნენ ჰიპ-ჰოპის ლეგენდები: Snoop Dogg, Mary J. Blige, Dr. Dre, Eminem და Kendrick Lamar.

ქენდრიქ ლამარი მაყურებლის წინაშე ვირჯილ აბლოს ერთ-ერთი ბოლო კოსტიუმით გამოჩნდა, რომელიც დიზაინერმა Louis Vuitton-ისთვის შექმნა. როგორც ლამარის სტილისტებმა განმარტეს, ამ გზით, რეპერმა თავის მეგობარს და ყველაზე წარმატებულ აფრო-ამერიკელ დიზაინერს, ვირჯილ აბლოს პატივი მიაგო.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული სუპერთასის წლევანდელ შემსრულებლებს შორის ბიონსე არ იყო წარმოდგენილი, ვარსკვლავის ჩაცმულობამ მაინც შესამჩნევი ყურადღება დაიმსახურა. ბიონსეს Off-White-ის ქურთუკი ეცვა.
ასეთი მასშტაბის ღონისძიებებზე ბიონსე თითქმის არასდროს არჩევს ქუჩის სტილის ბრენდს. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Off-White-ის კოლექციით გამოჩენა მისი მხრიდანაც სიმბოლური მნიშვნელობის იყო.
Off-White 2012 წელს ვირჯილ აბლომ დააარსა. ვირჯილმა სწორედ ქუჩის სტილით მოიპოვა პირველი აღიარება, რის შემდეგაც ის ლუი ვიტონის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა.

თანამედროვე მოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფიგურა, ვირჯილ აბლო 2021 წლის ნოემბერში, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.