
ფრანგული ბრენდი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ქალის ხაზის წინა-საშემოდგომო კოლექციის ჩვენებისთვის ემზადება. ნიკოლა ჟესქიერის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, ლუი ვიტონი შოუს 29 აპრილს გამართავს.
შოუმდე 10 დღით ადრე, ვრცელდება მეტი დეტალები, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ბრენდი მორიგი მასშტაბური ღონისძიებისთვის ემზადება. ლუი ვიტონის წინა-საშემოდგომო კოლექციის ჩვენება ხიდ Jamsu-ზე გაიმართება, რომელიც სამხრეთ კორეაში ყველაზე ცნობილ და მნიშვნელოვან მდინარეს, ჰანგანს კვეთს. უნდა აღინიშნოს რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სეულის ცნობილი ხიდი მოდის ჩვენებას უმასპინძლებს, თუმცა ფრანგული ბრენდი მხოლოდ შთამბეჭდავ ლოკაციას არ დაჯერდა. მოდის პრესის გავლენიანი გამოცემა, WWD ექსკლუზიურად ავრცელებს სიახლეს, რომ შოუს სეტ-დიზაინზე სერიალ Squid Game-ის რეჟისორი Hwang Dong-hyuk იმუშავებს.

ბრენდის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ Hwang Dong-hyuk შემოქმედებითი მრჩევლის როლს შეითავსებს. აქვე შეგახსენებთ, რომ Squid Game ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია. სამხრეთ კორეული შოუს პირველი სეზონის პრემიერა 2021 წელს შედგა და მალევე მოხსნა არაერთი რეკორდი. სერიალის პოპულარობა სამსახიობო გუნდის ცნობადობაზეც აისახა, განსაკუთრებული ყურადღება კი 27 წლის კორეელმა მოდელმა და მსახიობმა – ჰოიონმა მიიპრყო. 2022 წელს, ლუი ვიტონმა ჰოიონი გლობალურ ამბასადორად წარადგინა. კორეელმა მოდელმა და მსახიობმა ბრენდის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის შოუშიც მიიღო მონაწილეობა. მოსალოდნელია, რომ იგი 2023 წლის წინა-საშემოდგომო შოუს პოდიუმზეც გამოჩნდება.