
საერთაშორისო პრესა ადასტურებს სიახლეს, რომელსაც ყველა მოუთმენლად ველოდით – შუპეტი, კარლ ლაგერფელდის საყვარელი კატა, მეტ გალას დაესწრება.
Met Gala ყველაზე ძვირადღირებული კოსტიუმირებული საღამოა მოდისა და ზოგადად პოპ-კულტურის თანამედროვე სამყაროში. მას ესწრებიან მსოფლიო შოუ ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები წამყვანი დიზაინერების მიერ, სპეციალურად ამ მოვლენისათვის შექმნილ სამოსში.
Met Gala ყოველწლიურად აქვს თემა, რომლის მიხედვითაც არსებობს დრეს-კოდი. წლევანდელი ღონისძიების თემაა: კარლ ლაგერფელდი – სილამაზის ხაზი. მას მერე, რაც გრანდიოზული ღონისძიების ორგანიზატორებმა გაამხილეს, რომ 2023 წლის მეტ გალა ლეგენდარულ გერმანელ დიზაინერს მიეძღვნებოდა, რა თქმა უნდა, არ წყდებოდა სპეკულაციები იმის შესახებ, დაესწრებოდა თუ არა, კარლის მთავარი მუზა, შუპეტი საღამოს. შუპეტი კარლის ცხოვრებაში 2012 წელს გამოჩნდა და მას მერე, მოდის სენსაციად იქცა. ლაგერფელდის კატა მონაწილეობას იღებდა არა მხოლოდ შანელის, არამედ სხვა ცნობილი კომპანიების სარეკლამო კამპანიებში, ის ასევე პოზირებდა ვოგისთვის სუპერმოდელებთან ერთად. 2015 წელს, ცნობილი გახდა, რომ შუპეტმა ერთ წელიწადში, მოდელობით 3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.