თაღლითობაში ბრალდებული ანა დელვი კიდევ ერთხელ მოექცა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში. ამჯერად, შინაპატიმრობაში მყოფმა დელვიმ მოდის ცნობილ პიარ სპეციალისტ, კელი ქათრონთან ერთად, დიზაინერ Shao Yang-ის ჩვენება მოაწყო. მიუხედავად იმისა, რომ დელვის თანაორგანიზებული შოუ ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში არ გამართულა, ღონისძიებამ წინააღმდეგობრივი რეაქციები მაინც გამოიწვია.
ანა დელვი, იგივე ანა სოროკინა, რუსული წარმოშობის თაღლითია, რომელსაც ათასობით დოლარი მართებს თავისი მეგობრების, ბანკებისა თუ სხვადასხვა დაწესებულებების. ანა ნიუ-იორკში 2013 წელს ჩავიდა და ქალაქის მდიდარ საზოგადოებას თავი წარუდგინა ანა დელვიდ, გერმანელი მილიარდერის მემკვიდრედ. 4 წლის განმავლობაში, სხვადასხვა თაღლითური სქემებით, ანა ცხოვრობდა ნიუ-იორკის ყველაზე მდიდრულ სასტუმროებში, ვახშმობდა ყველაზე მდიდრულ რესტორნებში და შოპინგობა მაღალი მოდის ბრენდების ძვირადღირებულ მაღაზიებში. 2017 წლის ოქტომბერში, დელვი დააკავეს და თაღლითობისთვის ოთხიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც აღმოჩნდა, ანას ცხოვრების სტილი სასტუმროებს, ბანკებსა და მანჰეტენის გამოჩენილი საზოგადოების წევრებს 200,000 დოლარზე მეტი დაუჯდათ.

2022 წლის ოქტომბერში, ანამ ციხე დატოვა, თუმცა ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინაპატიმრობაში დარჩა, რაც როგორც ახლადგავრცელებული სიახლიდან ვიგებთ, მას ხელს სულაც არ უშლის გამართოს წვეულება ნიუ-იორკში. გამოცემა People-ს ინფორმაციით, ანას აპარტამენტში გამართულ ჩვენებას 50 სტუმარი ესწრებოდა, თუმცა ხმაურის შემდეგ, გამოძახებულმა პოლიციამ ღონისძიება მალევე დაშალა. აქვე შეგახსენებთ, რომ გასული წლის თებერვალში, სოროკინას შესახებ Netflix-ზე გამოვიდა ახალი სერიალი – Inventing Anna. შოუს ავტორი Grey’s Anatomy-ის, Scandal- ისა და How to Get Away with Murder -ის ავტორი, შონდა რაიმსია.