გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ HBO Max -ზე, ადრეული 2000-იანების საკულტო სერიალის ‘Sex and the City’-ის ახალი ნაწილის გამოსვლა იგეგმება. სიახლე ჯერ, სოციალურ ქსელებში, ჭორების სახით გავრცელდა, ხოლო მოგვიანებით, HBO Max -ის და სარა ჯესიკა პარკერის მიერ, ოფიციალურად დადასტურდა.
“და ისტორია გრძელდება…” ამ სიტყვებით, ნიუ-იორკის ყოველდრიურობის ფონზე, პარკერმა ვიდეო იანვარში გამოაქვეყნა.
ისტორიის გაგრძელება კარგად ნაცნობი გმირების ირგვლივ განვითარდება – ქერი ბრედშოუს, მირანდას და შარლოტს, კვლავ პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი განასახიერებენ. რაც შეეხება სამანტას პერსონაჟს, ის სერიალის ახალ ნაწილში არ გამოჩნდება, რადგან კიმ კეტრელმა დაბრუნებაზე უარი განაცხადა. ცოტა ხნის წინ დადასტურდა ინფორმაცია, რომ სერიალს გამოაკლდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, Patricia Field, კოსტიუმების დიზაინერი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ‘Sex and the City’-ის, როგორც მოდის საკულტო სერიალად ქცევაში.
ქერი ბრედშოუ, გამოგონილი პერსონაჟი, რომლის როლსაც სარა ჯესიკა პარკერი ასრულებს, სერიალების ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეშენისტაა. ის სუნთქავს და იკვებება მოდით, ცხოვრობს ქირით, ვერ ყიდულობს საკუთარ ბინას, თუმცა მანოლო ბლანიკის ფეხსაცმელზე და ოსკარ დე ლა რენტას კაბაზე უარის თქმა არ შეუძლია.
„საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ მაქვს და 40.000 დოლარი ფეხსაცმელებში დავხარჯე? სიბერეში ვიქნები ქალი, რომელიც თავის ფეხსაცმელებთან ერთად იცხოვრებს,“ – ქერი ბრედშოუ.
აღსანიშნავია მიზეზიც, თუ რატომ ვერ ახერხებს ლეგენდარული კოსტიუმების დიზაინერი საკულტო სერიალის ახალ ნაწილზე მუშაობას. როგორც ცნობილი გახდა, ფილდს კონტრაქტი აქვს Netflix -თან და ამჯერად, მედია გიგანტის პოპულარული შოუს, ‘Emily In Paris’ -ის მეორე სეზონის კოსტიუმებზე მუშაობს. ახალგაზრდა ამერიკელი ქალის ისტორია, რომელიც სამუშაოდ პარიზში ჩადის, სტერეოტიპების, მითების და რეალობის გაერთიანებაა. მიუხედავად კრიტიკისა, რთულია გავიხსენოთ სატელევიზიო შოუ, რომელმაც პანდემიურ რეალობაში, ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, როგორიც ნეთფლიქსის ახალმა სერიალმა.
Sex and the City -ის პირველი სეზონის პრემიერა 1998 წლის 6 ივნისს შედგა. სერიალი მიჩნეულია პროექტად, რომელმაც HBO – ს პოპულარობა და გავლენა საგრძნობლად გაზარდა.