ლეგენდარული ჩოგბურთელი გახდა პირველი ათლეტი, რომელმაც ამერიკის დიზაინერთა საბჭოსგან (CFDA) მოდის აიქონის ჯილდო მიიღო. წარსულში, ეს ჯილდო მიღებული აქვთ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ფარელი, რიანა, ქეით მოსი, ბიონსე, ლენი კრავიცი და ა.შ. სერენა დაჯილდოებაზე ამერიკელი დიზაინერის, თომ ბრაუნის შავი კაბით მივიდა. აღსანიშნავია, რომ სცენაზე ვილიამსს ჯილდო კიმ კარდაშიანმა წარუდგინა.
განსაცვიფრებელი სპორტული კარიერის პარალელურად, 2018 წელს, უილიამსმა დააარსა ტანისამოსის საკუთარი ბრენდი S by Serena, გამოუშვა პარფიუმერიის ხაზიც. სხვადასხვა დროს, იგი დაბეჭდილია ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე, 2019 წელს კი, მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საღამოს, Met Gala-ს თანაორგანიზატორის როლშიც მოგვევლინა.
CFDA-ის 2023 წლის დაჯილდოება ნიუ-იორკის ეროვნულ მუზეუმში 6 ნოემბერს გაიმართა.