გასული ათწლეული საუკეთესო დრო არ ყოფილა მათთვის, ვინც მოდის უფრო თამამ, გლამურულ და სექსუალურ სახეს ანიჭებს უპირატესობას. 2010-იანებში პოდიუმზე რეალურმა სამყარომ გადაინაცვლა და ყველაფერმა ზედმეტად სერიოზული სახე მიიღო, თუმცა ახალგაზრდა დიზაინერმა, ლუდოვიკ დე სენ სერნენმა მაინც გადაწყვიტა საკუთარ გზას გაჰყოლოდა. 6 წლის შემდეგ, ბრენდ Ludovic de Saint Sernin-ის წარმატება გვაძლევს იმის საფუძველს რომ ვთქვათ, მას ეს სარისკო და თამამი გადაწყვეტილება დაუფასდა.

გენდერულად ნეიტრალური, სექსუალური და ხშირად ვულგარული სამოსით ცნობილმა დიზაინერმა ახალი კოლექციის ჩვენება კვლავ პარიზში გამართა. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ქალისა და მამაკაცის სამოსი. თამამი და ერთი შეხედვით არასერიოზული დამოკიდებულება მოდისამი კვლავაც აშკარა იყო, თუმცა ამჯერად, შეიმჩნეოდა უფრო ზრდასრული და მოზომილი ხედვაც. შეგვიძლია ეს ლუდოვიკის ახალ სამსახურსაც დავუკავშიროთ.

დეკემბერში, ახალგაზრდა დიზაინერი ბელგიური ბრენდის – Ann Demeulemeester-ის შემოქმედებით ხელმძღვანელად დასახელდა. სერნენის არტისტული შეგრძნება – სენსუალობა, გენდერული ნეიტრალურობა და გამოკვეთილი სილუეტები ის ხელწერაა, რომელმაც Ann Demeulemeester-ის ახალი კურსი უნდა განსაზღვროს. შეძლებს თუ არა ლუდოვიკი ამ არც ისე მარტივ გამოწვევას თავი წარმატებით გაართვას, ახლო მომავალში ვიხილავთ, თუმცა მანამდე, მის ბრენდზე დაკვირვებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი კარიერა მაღალ მოდაში ჯერ მხოლოდ იწყება.

კოლექციის სრულად სანახავად მიჰყევით ლინკს – Vogue.com/LDSS