მოდის ინდუსტრიაში წარმატების შეფასების კრიტერიუმები მრავალფეროვნად შეგვიძლია დავახასიათოთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ეს საჭირო არც არის. როდესაც ბრენდი სწორი მიმართულებით ვითარდება, ზედმეტი სიტყვების, სტატისტიკის, თუ სოციალურ ქსელში გამომწერების თვლის გარეშე, ბუნებრივად იქმნება ენერგია, რომელსაც ყველა გრძნობს. ამის ნათელი მაგალითია Schiaparelli-ში დანიელ როუზბერის 3 წლიანი მოღვაწეობა.

დანიელ როუზბერი

ამერიკელი დიზაინერის პირველივე ჩვენებებიდან “სკიაპარელის” გარშემო შეიქმნა განსაკუთრებული განწყობა. წარმატების სურნელი ჰაერშიც იგრძნობოდა და ამის უარყოფა ფაქტობრივად არავის შეეძლო. ბრენდში როუზბერის ხედვა იმდენად სწორი, დროული და მკაფიო აღმოჩნდა, რომ მისი მომენტის გაფუჭება ვერც პანდემიამ შეძლო.

გასულ თვეს, დანიელმა ნიუ-იორკის ძვირადღირებული ნივთების სავაჭრო სივრცეში, Bergdorf Goodman-ში “სკიაპარელის” მაღაზიის გახსნა იზეიმა.

Schiaparelli

აღსანიშნავია, რომ ეს არის Schiaparelli-ის პირველი მუდმივი საერთაშორისო მაღაზია, რომელიც ბრენდის დამფუძნებლის, ელზა სკიაპარელის გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა.

“ბრენდის ხილვადობა იმდენად გაიზარდა, რომ ვფიქრობ, ამისთვის მზად თავადაც არ ვიყავით. იმაზე უფრო რელევანტურები გავხდით, ვიდრე ამას ვინმე ელოდა, რაც ძალიან ამაღელვებელია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ დაღლილი ვარ შემდეგი კითხვის მოსმენით: “ Ready – To-Wear-საც ქმნით? ” ვიცი, რომ ოტ-კუტიურით ვართ ცნობილი, ამიტომ ჩვენი მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს Ready – To-Wear-ის ლეგიტიმიზაცია,”

– დანიელ როუზბერი.

მოდის ინდუსტრია უკვე ათწლეულებია შეთანხმდა, რომ ყოველდღიური ტანისამოსის, ე.წ. Ready – To-Wear-ის ეპოქაში, ოტ-კუტიური ფუფუნებაა, რომლის შექმნა მხოლოდ მაშინაა გამართლებული, როდესაც ბიზნესი სტაბილური განვითარების გზას ადგას. დანიელ როუზბერის წარმატება სწორედ ამიტომ არის მოდისთვის საინტერესო მაგალითი. მან სარწმუნო გახადა ის, რასაც ყველა თანამედროვე დიზაინერი სკეპტიკურად უყურებს.

“მინდა ეს მოდის სახლი იმაზე შორს წავიყვანო, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა. ჩემი გუნდის თითოეულმა წევრმა და კომპანიაში მომუშავე ყველა ადამიანმა იცის, რომ ნაკლებს არ დავჯერდები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზრდა. სკიაპარელის შეუცვლელი ფორმულა ჭიდილია – დაძაბულობა კარგ და ცუდ გემოვნებას, შარმს და ვულგარულობას შორის. ამ დაძაბულობას ვერ ვიღებთ დიორში, ვერც შანელში, ელზა სკიაპარელი კი ასეთი იყო, და ჩვენც ასე უნდა გავაგრძელოთ კაშკაში. რა თქმა უნდა, მსურს რომ სკიაპარელი ისევ იყოს ბრენდი, რომლის შესახებ ყველა ლაპარაკობს.”

– დანიელ როუზბერი.

ნოემბერში მოდის სახლი Dover Street Market -ის ლონდონის, ნიუ-იორკის და ლოს-ანჯელესის სივრცეებში 3 ახალ პოპ-აპ მაღაზიას ხსნის, სადაც ბრენდის უახლესი კოლექციების შეძენა იქნება შესაძლებელი.

Tags :