საერთაშორისო სამოდელო კონკურსი, Elite Model Look, რომელიც უკვე ათწლეულებია გამორჩეულ სახეებს ეძებს და წარმატებით უქმნის მათ სამოდელო კარიერას, 2024 წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ გაიმართება. ყოველწლიურად, კონკურსში მოხვედრას, 70 ქვეყნიდან, უამრავი ახალგაზრდა მოდელი ცდილობს. სწორედ ამ კონკურსმა აღმოაჩინა სამოდელო სფეროს ისეთი ლეგენდარული სახეები, როგორებიც არიან: სინდი კროუფორდი, ჟიზელ ბუნდჩენი და კლაუდია შიფერი.
ტრადიციულად, Elite Model Look-ის შესარჩევი კონკურსი ტარდება საქართველოშიც. გამარჯვებული გოგონა და ვაჟი საერთაშორისო ფინალზე მიემგზავებიან. ამ გზით, მათ შანსი ეძლევათ წარმოაჩინონ საკუთარი ქვეყანა და გადადგან პირველი დიდი ნაბიჯები მაღალი მოდის გლობალური პოდიუმისაკენ.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, თუ ვინ წარადგენს საქართველოს Elite Model Look-ის საერთაშორისო ფინალზე, 2024 წლის დასაწყისში.
Elite Model Look Georgia 2023-ის გამარჯვებულები გახდნენ: 17 წლის დიანა ჯინჭარაძე და 18 წლის საბა ცქვიტიშვილი. Elite Model Look Georgia -ს ტრადიციულად, სამოდელო სააგენტო “IC MODEL MANAGEMENT” ატარებს და როგორც გაირკვა, წელს კონკურსში, ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობით, მონაწილეობა 1000-ზე მეტმა დამწყებმა მოდელმა მიიღო, გამარჯვებულები კი, დიანა და საბა გახდნენ.