Saint Laurent Productions-ის დებიუტი კანის 2023 წლის კინოფესტივალზე ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმით შედგება, საიდანაც ერთ-ერთი ცნობილი ესპანელი კინორეჟისორის პედრო ალმოდოვარის ახალი ვესტერნის ჟანრის ნამუშევარია – ცხოვრების უცნაური გზა. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები პედრო პასკალი და ითან ჰოუკი, სწორედ მათ ვხედავთ ნამუშევრის ოფიციალურ პოსტერზე. მეორე ფილმის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა ამჯერად, სიახლეს საინტერესოს არა მხოლოდ ფილმები, არამედ მოდის სახლის, სენ ლორანის ჩართულობა ხდის.

პედრო ალმოდოვარის “Strange Way of Life” პედრო პასკალის და ითან ჰოუკის მონაწილეობით

ხაზგასასმელია, რომ Saint Laurent არა უბრალოდ ინვესტიციას ახორციელებს ახალ კინონამუშევარში, ან გვევლინება, როგორც პროექტის მხარდამჭერი, პარტნიორი, არამედ ფრანგული ბრენდი ქმნის შვილობილ კომპანიას, რომელიც ფილმების სრულფასოვანი წარმოებით დაკავდება. ეს კი, როგორც ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები WWD-თან საუბარში აღნიშნავენ, პირველი შემთხვევაა ფრანგულ მოდაში. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სენ ლორანის ახალი წამოწყება საკმაოდ ამბიციურად ჟღერს. ამასთან, ნათელია ისიც, რომ Saint Laurent Productions მორიგი ხანმოკლე მარკეტინგული ხრიკი არ არის. პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის პოსტერზე დატანილია სენ ლორანის შემოქმედებითი დირექტორის, ენტონი ვაკარელოს სახელიც. რაც აგრეთვე მიანიშნებს იმაზე, რომ ზემოხსენებული მხოლოდ ბრენდის მშობელი კომპანიის, Kering-ის მენეჯმენტის პროექტი არ არის, არამედ კრეატიული გუნდიც აქტიურად იქნება ჩართული.

აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, Saint Laurent-ის მამაკაცის ხაზმა, ენტონი ვაკარელოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, ახალი კამპანია გაავრცელა, რომელშიც კინოს ლეგენდები მონაწილეობენ, მათ შორის ალმოდოვარი. The Director’s Cut – ამ სახელწოდებით გაერთიანდა შავ-თეთრი ვიდეოების სერია, რომელიც ბრენდში ვაკარელოს ხედვის თვალსაჩინო გამოვლინებაა. დღევანდელი გადმოსახედიდან კი, უკვე Saint Laurent Productions კამპანია The Director’s Cut-ის ლოგიკური გაგრძელებაა.