ნიუ-იორკი, ლოს ანჯელესი, ვენეცია, მარაკეში და პარიზი მსოფლიოს ის ქალაქებია, რომლებშიც ბოლო წლების განმავლობაში ენტონი ვაკარელომ Saint Laurent-ისთვის შექმნილი მამაკაცის კოლექციები წარადგინა. ამჯერად ბერლინის ჯერი დადგა, სადაც ლუდვიგ მის ვან დერ როეს დაპროექტებულ Neue Nationalgalerie-ს სივრცეში, მე-20 საუკუნის ისეთი დიდი ხელოვანების ნამუშევრების გვერდით, როგორებიცაა: ფრენსის ბეკონი, მაქს ერნსტი, პაბლო პიკასო, ენდი უორჰოლი და ა.შ. ფრანგული მოდის სახლის 2024 წლის ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა.

იანვარში, Bourse de Commerce – Pinault Collection-ში ნაჩვენებ კოლექციასთან დაკავშირებით ბელგიელმა დიზაინერმა განაცხადა, რომ სურდა ქალისა და მამაკაცის კოლექციებს შორის განსხვავებები შესამჩნევი აღარ ყოფილიყო და ისინი ერთ დონეზე აეყვანა. მან მორიგი ჩვენებით ცხადყო, რომ თავის ამ დიზაინ ფილოსოფიას კვლავ მიჰყვება. ახალი კოლექციაც ქალისას ეფუძნება, რომელიც თებერვალში, 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ვიხილეთ – იმ სამოსის ამოსავალი წერტილი, რომელიც მამაკაცმა მოდელებმა წარადგინეს, ქალის კოლექციაში გამოყენებული პროპორციები გახდა.

კოლექციის სახელწოდება “თითოეული კაცი კლავს იმას, რაც უყვარს” არის, სიმღერის სათაური, რომელსაც ჟანა მორო გერმანელი რეჟისორის, რაინერ ვერნერ ფასბიდერის, 1982 წელს გადაღებულ ფილმ Querelle-ში ასრულებს. მასკულინურ კოდებთან თამაშის შედეგად მასში ფლუიდური ფორმები და ნაზი ქსოვილები ერთმანეთს ერწყმოდა. უმეტესად შავ ფერში შემოთავაზებული ელეგანტური სილუეტები კი სენსუალურობითა და რომანტიკით იყო გაჟღენთილი.

ჩვენების ჩანაწერი