ისტორიულად ამერიკული მოდა ყოველთვის მეტად თავისუფალი იყო ელიტური, ექსკლუზიური და ჩარჩოებში მოქცეული დოგმებისგან, ვიდრე ევროპული. თავისუფალმა ხედვამ ამერიკელ დიზაინერებს პირველი დიდი წარმატება 1970-იან წლებში მოუტანა. ამ კულტურულ მომენტს სათავეში როი ჰალსტონი და სტეფან ბაროუზი ედგნენ.

2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაზე მუშაობისას, მაიკლ კორსი სწორედ ჰალსტონის და ბაროუზის ეპოქაზე ფიქრობდა.

“პირველი რამაც მოდისკენ მიმიზიდა იყო სილუეტის სიმარტივე, სექსუალურობა და მოძრაობა,” – აღნიშნა კორსმა ჩვენების დასრულების შემდეგ და დასძინა, რომ ევროპა არასდროს ეტრფოდა სხეულის თავისუფლებას ისე, როგორც ამერიკა. კორსის მიერ ქალის სხეულის თავისუფლებაზე ხაზგასმა მომენტის გამოძახილადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რამდენადაც სულ რაღაც 4 თვეა გასული მას შემდეგ, რაც აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებას მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

როგორც ყოველთვის, მოდა რეალობას ირეკლავს. სიმბოლურად, კორსის შოუც მანჰეტენზე, სარკეებით გაფორმებულ სივრცეში გაიმართა.

ჩვენება არგენტინელმა მოდელმა მიკა არგანარაზმა თეთრი კლასიკური კოსტიუმით გახსნა, მას მოჰყვა ბელა ჰადიდი ელეგანტური კრუიზული სტილით.

საქმიანი და საკურორტო ტანისამოსის ელემენტების გაერთიანებით, ამერიკელმა დიზაინერმა, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საზაფხულო კოლექცია შემოგვთავაზა.

Tags :