წელიწადნახევარია, ფრანგული მოდის სახლის, Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზი შემოქმედებითი დირექტორის გარეშე ფუნქციონირებს. თანამედროვე მოდის ერთ-ერთი უდიდესი დიზაინერის, ვირჯილ აბლოს გარდაცვალების შემდეგ, არავინ ელოდა, რომ ბრენდი მის შემცვლელს მოკლე დროში შეარჩევდა, თუმცა წელიწადნახევარი მაინც ძალიან დიდი დროა საიმისოდ, რომ მოდის სახლი ლიდერის გარეშე განაგრძობდეს მუშაობას, თანაც ასეთი წარმატებით. ეს მარტივი არ არის, თუმცა ისეთი ბრენდისთვის, როგორიც ლუი ვიტონია, შეუძლებელი მართლაც არაფერია.
ყოველ სეზონზე, ლუი ვიტონი პოპ-კულტურის ნიჭიერი და აქტუალური არტისტების დახმარებით, საინტერესო გამოცდილებას ქმნის. მამაკაცის ხაზის 2023 წლის შემოდგომა/ზამთის შოუ ესპანელმა მუსიკოსმა და მომენტის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა არტისტმა, როსალიამ ლაივ-წარმოდგენით გახსნა.
პირველივე წამებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა სცენოგრაფია. პოდიუმი ოთახებად იყო დაყოფილი, საბავშვო ოთახი, მოზრდილების საძინებელი, საავადმყოფოს პალატა – მოდელები კი, ოთახებს შორის გადაადგილდებოდნენ. ეს ერთგვარი ვიზუალური ილუსტრაცია იყო იმის, თუ რა გზას გავდივართ ადამიანები ზრდის პროცესში. სცენოგრაფიაში, კერძოდ, ოთახების მოწყობაში, დიდი როლი ითამაშა ცნობილმა კინორეჟისორმა მიშელ გონდრიმ.
70 ლუქისგან შემდგარი ლუი ვიტონის ახალი კოლექცია ვერ დახაიათდება ერთი კონკრეტული სტილით. როგორც მთლიანად შოუ, კოლექციაც ეკლექტური იყო. რასაც ისევ და ისევ ვირჯილის ხელწერასთან მივყავართ. აბლოს ხელმძღვანელობით, ლუი ვიტონში შეიქმნა ერთი დიდი ისტორია, რომელიც დღესაც გრძელდება, თუმცა ტანისამოსის სტილი მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ახალ კოლექციაშიც ვხვდებით ნეიტრალურ ფერებს და კლასიკური სტილისთვის დამახასიათებელ ფორმებს, თუმცა იქვეა ზედმეტად გაფართოებული და ქუჩის სტილის სილუეტები.
კოლექცია ლუი ვიტონის შემოქმედებითმა გუნდმა ახალგაზრდა დიზაინერ ქოლმ დილანთან თანამშრომლობით შექმნა. KidSuper-ის დამფუძნებელი, ქოლმი 2021 წელს ახალგაზრდა დიზაინერების პრესტიჟულმა კონკურსმა LVMH Prize-მა ორ სხვა დიზაინერთან ერთად კარლ ლაგერფელდის სახელობის პრიზით დააჯილდოვა. 2022 წელს ის CFDA-ს წლის დამწყების დიზაინერის კატეგორიის ნომინანტებს შორისაც მოხვდა. სწორედ ამ მიღწევების გათვალისწინებით, მას ლუი ვიტონის ხელმძღვანელებმა საპასუხისმგებლო მისია ანდეს. დილანი პირველი მიწვეული დიზაინერია, ვირჯილის შემდეგ, რომელმაც ლუი ვიტონის მამაკაცის ხაზზე იმუშავა.
რა თქმა უნდა, კოლექციის სრულყოფილაში ამჯერადაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სტილისტმა იბრაჰიმ ქამარამ. იბრაჰიმი ვირჯილ აბლოს ახლო კოლაბორატი გახლდათ, რომელიც არაოფიციალურად, თუმცა მაინც საჯაროდ, ხელმძღვანელობდა ლუი ვიტონის მამაკაცის ხაზის გასული სეზონების კრეატიულ მიმართულებას.
Louis Vuitton შემოდგომა/ზამთარი 2023