მოდის პრესა რამდენიმე საათის წინ გავრცელებულმა სიახლემ მოიცვა. Rochas – ის შემოქმედებით დირექტორად 24 წლის ფრანგი დიზაინერი, Charles de Vilmorin დაინიშნა. გადაწყვეტილება საკმაოდ უჩვეულო და მოულოდნელია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩარლზმა საკუთარი ბრენდი გასული წლის აპრილში შექმნა, მას დამოუკიდებლად ჯერ მხოლოდ ერთი კოლექცია აქვს წარდგენილი. 24 წლის ფრანგმა დიზაინერმა თავისი სადებიუტო კოლექცია გასულ თვეს, პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულზე აჩვენა. ის La Chambre Syndicale de la Couture Parisienne -ს კურსდამთავრებული გახლავთ.

Charles de Vilmorin

Rochas -ს მთავარი შემოქმედის პოზიცია 2020 წლის თებერვლიდან ვაკანტურია,თუმცა პანდემიით გამოწვეულმა არეულობამ ყველას დაავიწყა, რომ ფრანგული მოდის სახლი ახალი დიზაინერის ძიებაში იყო. სიახლემ არაერთგვაროვანი გამოხმაურება დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ Rochas -ს წარსულშიც უთანამშრომლია ახალგაზრდა დიზაინერებთან, თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში ძალიან რთულია გავიხსენოთ მსგავსი შემთხვევა, როდესაც ცნობილი ბრენდის კრეატიულ დირექტორად გვევლინება დიზაინერი, რომელსაც გამოცდილება თითქმის არ აქვს.

ბრენდის მფლობელი კომპანიის, Interparfums SA – ს აღმასრულებელი დირექტორის, Philippe Benacin-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჩარლზის ახალგაზრდული ხედვა და ნიჭი Rochas -ს ისტორიაში ახალ თავს დაწერს. შესაძლოა ახალგაზრდა დიზაინერმა მართლაც გაგვაოცოს, რადგან მისთვის ეს მოდის სახლი პირად ისტორიასთანაც ასოცირდება. ჩარლზის ბებიის და, ცნობილი ფრანგი ნოველისტი Louise de Vilmorin, პირადად იცნობდა ჰელენ როშას, ბრენდის დამფუძნებლის, მარსელ როშას ქვრივს.