რამდენიმე საათის წინ, ბარბადოსელი მომღერლის ახალი სინგლის პრემიერა შედგა. Lift Me Up – ასე ჰქვია სინგლს და ის Marvel-ის კინოსურათის – “შავი პანტერას” მეორე ნაწილის საუნდტრეკია.

რიანამ ბოლო მუსიკალური ალბომი სახელწოდებით Anti 2016 წელს გამოუშვა და მას შემდეგ, მსმენელისათვის ახალი ნამუშევარი არ წარუდგენია. ამის გათვალისწინებით, ახალი სინგლი მუსიკალურ ინდუსტრიაში Rihanna-ს დიდი დაბრუნებაა.

რა თქმა უნდა, რიანას დაბრუნება მღელვარებას იწვევს მოდის გულშემატკივრებშიც. რამდენადაც, ბარბადოსელი ცნობილია მოდისადმი ექსპრიმენტული და გაბედული დამოკიდებულებით.

ახალი მუსიკალური ერის დაანონსების შემდეგ, მუსიკოსი პირველად გამოჩნდა წითელ ხალიჩაზეც. ‘Black Panther’-ის პრემიერაზე რიანამ რიკ ოუენსის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია მოირგო. აღსანიშნავია, რომ წლების წინ, Rick Owens ზედმეტად გოთური და სარისკო ბრენდი იყო წითელი ხალიჩისათვის, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ის ვარსკვლავების ერთ-ერთი რჩეულია.