ახალი კოლექციის წარდგენასთან ერთად, Paco Rabanne-ის ბრენდი რებრენდირდა და ამიერიდან წარმოდგენილი იქნება Rabanne-ის სახელით.
მოდის ისტორიიდან გამომდინარე სიახლეს შოკისმომგვრელს ვერ ვუწოდებთ. დიორი, სენ ლორანი, ბალენსიაგა, მუგლერი – ბრენდის დამფუძნებელი დიზაინერის გარდაცვალებას ან მის მიერ ბრენდის გაყიდვას ხშირად ახლავს რებრენდინგი, რომელიც როგორც წესი, მოიაზრებს სახელის შემოკლებასაც. მოდაში ე.წ. კოსმოსური ეპოქის ერთ-ერთი პიონერი დიზაინერი, პაკო რაბანი მიმდინარე წლის თებერვალში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ჩვენ მივიჩნიეთ, რომ სწორი იყო ბრენდის იმიჯის ერთ სიტყვაში გაერთიანება“, – განმარტა ახლა უკვე Rabanne-ის გენერალურმა მენეჯერმა ნადია დუიბმა.



Rabanne-ის მოდის სახლს ესპანური კონგლომერატი Puig Group ფლობს, რომლის ქოლგის ქვეშ პარფიუმერიის არაერთი ცნობილი ბრენდია მოქცეული, მათ შორის: ჟან პოლ გოტიეს, ნინა რიჩისა და კაროლინა ერერას სუნამოების ხაზები. წარსულში, კონგლომერატი დიდ ყურადღებას სწორედ პარფიუმერიას უთმობდა, თუმცა პაკო რაბანის ბრენდში განხორციელებული რებრენდინგი გვაფიქრებინებს, რომ Puig Group მზადაა აქტიურად ჩაერთოს ტანისამოსისა და აქსესუარების ბიზნესშიც.



ზამთრის ახალ ხაზთან ერთად, ბრენდმა ასევე წარმოადგინა 2024 წლის პრე-კოლექცია და აქსესუარების ახალი შთამბეჭდავი სერია. შემოქმედებითი დირექტორის როლს კვლავაც ჯულიენ დოსენა ითავსებს. 2013 წელს, როდესაც ახალგაზრდა ფრანგი დიზაინერი, ჯულიენ დოსენა პაკო რაბანის შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა, მის მიმართ მოლოდინები არც ისე მაღალი იყო. თუმცა ბრენდში 10 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოსენამ პაკო რაბანი პარიზის მოდის კვირეულში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრენდად გარდაქმნა.



ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოდის სახლი რებრენდინგის შემდეგაც ახალი თავის შექმნას სწორედ დოსენას კრეატიული ლიდერობით გეგმავს.
აქვე უნდა ითქვას, რომ ახალი კოლექციების ფასები 290 ევროდან დაიწყება და მაქსიმალური ღირებულება 6000 ევროს მიაღწევს. რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს Puig Group-ის მიზნებში – აქციოს „რაბანი“ მასებისთვის მიმზიდველ ბრენდად.