მზარდი კონკურენციის პირობებში, მოდის ინდუსტრიაში სამსახურის პოვნა მარტივი არ არის, მითუმეტეს როდესაც საუბარია იტალიური მოდის ყველაზე პრესტიჟულ და ცნობილ მოდის სახლებზე.
Bottega Veneta-ს ახალი წამოწყება ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს დასაქმდნენ ბრენდში და გადადგან პირველ ნაბიჯები საერთაშორისო მოდის ბიზნესში, სკოლის დამთავრებისთანავე, გარანტირებულად. სკოლა, რომელსაც თავად Bottega Veneta ქმნის, ყოველწლიურად 50 ახალგაზრდას მიიღებს. სწავლის დასრულების შემდეგ, უკლებლივ ყველა მათგანი ბრენდში მუშაობას დაიწყებს.
“ბოტეგა ვენეტა“ შეიქმნა, როგორც მაღალი ხარისხის იტალიური ტყავის მწარმოებელი კომპანია. სწორედ ამით აიხსნება ბრენდის ტყავის ნაწარმის, განსაკუთებით კი, აქსესუარების გამორჩეულობა გლობალურ მარკეტზე. ტყავის დაწნისა და „ქსოვის“ ტექნიკა, რომელსაც ბრენდის ატელიებში იყენებენ, იმდენად უნიკალურია, რომ მუდმივად მზარდ მოდის ინდუსტრიაში, ეს ბრენდი დღემდე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს მომხმარებლებზე.
ბრენდის ახალ სკოლაში, რომლის სახელწოდებაცაა “Accademia Labor et Ingenium” ახალგაზრდები სწორედ იმ უნიკალურ ტექნიკას დაეუფლებიან, რომელიც “ბოტეგა ვენეტას“ კოლექციებს უმაღლესი ხარისხითა და გემოვნებით გამოარჩევს. სკოლამ ფუნქციონირება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და როგორც Kering-ის მფლობელობაში არსებული ამ იტალიური მოდის სახლის წარმომადგენლები აცხადებენ, მომავალში, სკოლის კარი ღია იქნება ყველა წარმომავლობის მქონე სტუდენტისთვის.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბრენდის ოფიციალურ ვებ-საიტს.