ქართველმა დიზაინერმა, დემნამ (რომელიც პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ სახელს იყენებს) 5 ივლისს, Balenciaga-ში თავისი რიგით მესამე ოტ-კუტიურ კოლექცია წარადგინა. გაზვიადენული არ იქნება თუ დავწერთ, რომ მას შემდეგ, რაც დემნამ Balenciaga-ში ოტ-კუტიურ ხაზი დააბრუნა, კითხვები არ წყდება ფასებთან დაკავშირებით.
ოტ-კუტიური სამოსის შექმნის უმაღლესი ფორმაა. სამოსის ამ სახეობაზე საუკეთესოთა შორის საუკეთესო მკერავები, მქარგავები და დიზაინერები მუშაობენ. ისინი იყენებენ ყველაზე ძვირფასს ქსოვილებს, თვლებს და საკმაოდ ხშირად, ყველაფერს ხელით ქმნიან.
ჩვენების დასრულების შემდეგ, Balenciaga-მ გამოაქვეყნა დემნას რიგით მესამე ოტ კუტიურ კოლექციის ნაწილი. რამდენიმე ნივთზე თვალის გადავლების შემდეგ, ზოგადი წარმოდგენა გვექმნება ფასების შესახებ. ასე მაგალითად, კაბების ფასი 80,000 ევროდან იწყება, ლუქი 53, წითელი კლასიკური კაბა 100,000 ევრო ღირს და მის შესაქმნელად ბრენდის ატელიეს 160 საათი დასჭირდა. ფეხსაცმლის ფასი 15,000 ევროა.
რაც შეეხება შავ კლასიკურ შეხამებულ ქურთუკებს, პალტოებსა და ქვედაბოლოებს, ფასები 40,000 ევროდან იწყება, მაგალითად ქურთუკი, რომელიც ფინელმა მოდელმა Minttu Vesala-მ წარადგინა, 70,000 ევრო ღირს, ქვედაბოლო კი – 60,000 ევრო. კოლექციაში ყველაზე ხელმისაწვდომი ნივთი შავი ფერის სათვალეა, რომლის ფასიც 2400 ევროა.