2024 წელი სულ ახლახან დაიწყო, მაგრამ მოდის ბიზნესის ტემპი შენელებას არ აპირებს. მოდის კვირეულებისთვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაში შედის და ჩვენ, ტრადიციულად, წარმოგიდგენთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ იანვარში დაგეგმილი ჩვენებების შესახებ.

9 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით, ფლორენციაში ტრადიციულად გაიმართება პიტი უომო, მამაკაცის სამოსის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც 1989 წლიდან წელიწადში ორჯერ, იანვარსა და ივნისში, იმართება. 2024 წლის პიტი უომოს მიწვეულ ბრენდებს შორის იქნებიან: Magliano, S.S. Daley, Todd Sydner და Camper, აგრეთვე იგეგმება Tod’s-ისა და ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის, Lamborghini-ის კოლაბორაციის პრეზენტაცია, Brunello Cucinelli-ს გალა საღამო ვახშამით და ლონდონელი დიზაინერის, Margaret Howell-ის გამოფენა. აღსანიშნავია, რომ ივნისთან შედარებით, პიტი უომოს იანვრის ღონისძიება ნაკლები პომპეზურობით გამოირჩევა და უფრო მეტად ორიენტირდება ნიშურ ბრენდებზე, ვიდრე საერთაშორისოდ ცნობილ მოდის სახლებზე.  

Pitti Uomo 2023 (c) Vogue.com

ფლორენციიდან მილანში, იტალიის მოდის დედაქალაქში, სტუმრები 12 იანვარს გადაინაცვლებენ, სადაც 4 დღის განმავლობაში, 16 იანვრის ჩათვლით, მილანის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეული იგეგმება. ყველაზე დამაინტრიგებელი რა თქმა უნდა, საბატო დე სარნოს დებიუტია გუჩის მოდის სახლში. აქვე შეგახსენებთ, რომ საბატო დე სარნომ ბრენდში თავისი პირველი კოლექცია 2023 წლის სექტემბერში, მილანის ქალის სამოსის მოდის კვირეულზე წარადგინა, თუმცა მისი მამაკაცის კოლექციის სადებიუტო შოუ სწორედ 16 იანვარს, მილანის დროით, 15:00 საათზე გაიმართება. კვირეულის კალენდარი აერთიანებს მილანის მოდის კვირეულის რეგულარულ წევრებს, როგორებიც არიან: პრადა, ფენდი, ზენია, არმანი, დოლჩე & გაბანა და ა.შ.

მილანიდან მამაკაცის სამოსის მოდის კვირეული საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაგრძელდება, სადაც 16 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით, ფრანგული მოდის სახლები მამაკაცის ხაზის ახალ ნამუშევრებს წარადგენენ. რაღა თქმა უნდა ყველაზე დიდ ყურადღებას ლუი ვიტონი დაიმსახურებს, სადაც ფარელ უილიამსი თავის მეორე კოლექციის ჩვენებას გამართავს. გახმაურებული დებიუტის შემდეგ, ინტერესი კვლავაც მაღალია. აღნიშვნას იმსახურებს ჟივენშის შოუც, რომელიც პირველი იქნება მას შემდეგ, რაც მოდის სახლის შემოქმედებითმა დირექტორმა, მეთიუ უილიამსმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ბრენდს ჯერ-ჯერობით მისი შემცვლელი არ დაუსახელებია, გამომდინარე აქედან, ჟივენშის მოდის სახლი მამაკაცის ახალ კოლექციას კრეატიული ლიდერის გარეშე წარმოგვიდგენს. პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულის კალენდარში ტრადიციულად მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ბრენდები: დიორი, ვალენტინო, კომ დე გარსონი, ლუევე, ერმესი, დრის ვან ნოტენი და ა.შ.

Louis Vuitton -ში ფარელ უილიამსის პირველი კოლექციის ჩვენება

მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულის დასრულებას პარიზში მოჰყვება ქალის ოტ-კუტიურ მოდის კვირეულის გახსნა, რომელიც საფრანგეთის მოდის ფედერაციის ამჟამინდელი ინფორმაციით, 22-25 იანვარს გაიმართება. ოტ-კუტიურ მოდის კვირეულს ამჯერადაც სკიაპარელის მოდის სახლი გახსნის, დენიელ როუზბერის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით. პირველ დღეს, 22 იანვარს, იგეგმება დიორის კუტიურ შოუც.

რაც შეეხება მომდევნო დღეებს, ვიხილავთ: შანელის, ელი სააბის, ჟან პოლ გოტიეს, ვიქტორ & როლფის, ვალენტინოს და არმანის უახლეს ნამუშევრებს. სრული კალენდრის სანახავად კი, მიჰყევით ლინკს.