ძვირადღირებული აქსესუარები ორ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ, ტრენდული და საკულტო, თუმცა იშვიათ შემთხვევებში, ერთი მეორეს სულაც არ გამორიცხავს. 2014 წლის ივნისში, Loewe-ს მოდის სახლმა, ჯონათან ანდერსონის ხელმძღვანელობით, ჩანთის ახალი მოდელი წარადგინა. 7 წელი საკმაოდ მცირე დროა პროდუქტის საბოლოო სტატუსის შესაფასებლად, თუმცა მიუხედავად ამისა, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლუევეს “Puzzle Bag” უფრო მეტია, ვიდრე მომენტის ტრენდული აქსესუარი.
2014 წელს, როდესაც ჯონათან ანდერსონმა საზოგადოებას ბრენდის ახალი კოლექცია წარუდგინა, მისი შემოქმედებით დირექტორად დანიშვნიდან მხოლოდ ერთი წელი იყო გასული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ “Puzzle Bag” ანდერსონის პირველი საერთაშორისოდ წარმატებული დიზაინი იყო ლუევეს კრეატიული ხელმძღვანელის ამპლუაში. ჩანთის ორიგამის სტილის ფორმებმა და ფუნქციურმა მრავალფეროვნებამ მაშინვე მიიქცია მყიდველების ყურადღება. ძალიან მალე “Puzzle Bag” გახდა აქსესუარი, რომლის ფლობა ნიშნავდა მხოლოდ ერთს – იცი რა ხდება მოდის ინდუსტრიაში და ზუსტად იმ მომენტს ასახავ, რომელიც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.
ეს საუკეთესო იყო, რაც შეიძლებოდა ახალგაზრდა დიზაინერის კარიერაში მომხდარიყო. აქსესუარის კომერციულმა წარმატებამ ჯონათანის ხედვა უფრო სარწმუნო გახადა ბრენდის მფლობელებშიც. მას შემდეგ, Loewe -მ ჩანთის არაერთი განსხვავებული ვერსია გამოუშვა, სეზონურად იცვლება ფორმები, ფერები, უცვლელი რჩება მხოლოდ მოთხოვნა და პოპულარობა, რომელიც უკვე 7 წელია არ იკლებს.
თვალი გადავავლოთ პოპულარული მოდელის სხვადასხვა ვერსიებს.