პრინცი ჰარის ავტობიოგრაფიული წიგნის, Spare-ის გამოსვლიდან ორ დღეში, მილანის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულზე ირლანდიელი დიზაინერის, ჯონათან ანდერსონის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა.
ანდერსონის ნამუშევარს, რა თქმა უნდა, არ გამოუწვევია იმხელა გამოხმაურება, რამხელაც Spare-ს, ეს უკანასკნელი პირველივე დღეს იქცა დიდ ბრიტანეთში გასული ათწლეულის ყველაზე გაყიდვადი ავტობიოგრაფიული წიგნი, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო, თუმცა დიზაინერის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციამ, განსაკუთრებით კი, ფეხსაცმელების ახალმა მოდელმა ყველას ყურადღება დაიმსახურა.

საწვიმარი ბოტების ცნობილ ინგლისურ კომპანია, Wellipets-თან თანამშრომლობით, ანდერსონის ჩვენებაზე უჩვეულო კოლაბორაციის მომსწრე გავხდით, რომლის შთგონებაც სწორედ პრინცი ჰარი გახდა.


ბაყაყის ბოტები – ასეთი სახელითაა ცნობილი მოდელი, რომელიც 1987 წელს, დიდი ბრიტანეთის პრინცებს, ჰარის და ვილიამს ეცვათ. Wellipets 1983 წელს შეიქმნა და ე.წ. ბაყაყის ბოტები ბრენდისთვის ერთ-ერთი პირველი დიდი წარმატება გახდა. ბუნებრივია, რომ მას შემდეგ, რაც ტრენდს მონარქები შეუერთდნენ, მოდელზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა და დღეს ბავშვებისთვის ერთ-ერთ საკულტო ნივთად ითვლება.
ჯონათან ანდერსონი ცნობილია სახალისო, ხშირად არასერიოზული და პროვოკაციული დიზაინით, ამიტომ ახალი კოლექციის მიღმა არსებული ისტორიის ცოდნის გარეშეც, მისი კოლაბორაცია Wellipets-თან კარგად ერწყმის ირლანდიელი დიზაინერის ხელწერას. იქცევა თუ არა ანდერსონის ბაყაყის ფეხსაცმელი კომერციულ წარმატებად, ამას 6 თვის შემდეგ გავიგებთ, როდესაც კოლექცია გასაყიდად მაღაზიებში აღმოჩნდება.