გასულ საღამოს, ლოს-ანჯელესში, LACMA Art+Film გალა საღამო გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად, მოდის, კინოს, მუსიკისა და ხელოვნების სხვა სფეროების ცნობადი სახეები ესწრებოდნენ. გალა საღამო უკვე მეცამეტე წელია ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი ლოს-ანჯელესის ხელოვნების მუზეუმის ფონდის მხარდაჭერაა. ყოველწლიური ღონისძიების უცვლელი სპონსორი იტალიური მოდის სახლი გუჩია. სწორედ გუჩის თეთრი კაბა ეცვა კიმ კარდაშიანს, თუმცა მთავარი აქცენტი კიმის აქსესუარმა დაიმსახურა.

კარდაშიანს 5.25 კარატის იასამნისფერი ჯვარი ეკეთა, რომელიც საჯაროდ პირველად 1987 წელს პრინცესა დაიანაზე ვიხილეთ. 1987 წლის 27 ოქტომბერს პრინცესა დიანა Birthright Gala-ს დაესწრო, რომელზეც ქეთრინ უოკერის დიზაინით შექმნილი იასამნისფერი საღამოს კაბა ეცვა, დაიანამ კაბას იასამნისფერი ჯვარი შეუხამა.

ჯვარი Attallah-ს საკუთრებაში 1980-იანი წლებიდანაა და საჯაროდ ის მხოლოდ პრინცესა დიანას ეკეთა. ჯვარი მუზეუმშიც არასდროს გამოფენილა, თუმცა 2022 წელს, ის სოთბის აუქციონზე გაიტანეს. სწორედ აუქციონზე შეიძინა კარდაშიანმა ცნობილი აქსესუარი. უნიკალური დიზაინითაა შექმნილი, იასამნისფერი კი, სამეფო ოჯახთან ასოციაციით არის გამოყენებული. “პრინცესა დიანას ნაქონი სამკაულები ბაზარზე ძალიან იშვიათად ჩნდება, განსაკუთრებით ისეთი შთამბეჭდავი ნივთი, როგორიც ატალას ჯვარია. ფერადი და გამორჩეული ჯვარი პრინცესა დიანას განსხვავებული და გამბედავი სტილის სიმბოლოა, რომელიც მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გამომჟღავნდა.” – განაცხადა კრისტიან სპოფორტმა, სოთბის სამკაულების განყოფილების დირექტორმა. გავრცელებული ინფორმაციით, კარდაშიანმა იასამნისფერი ჯვარი 163,800 ფუნტად შეიძინა.