მდგრადი მოდის განვითარებასთან ერთად, მეორეული ტანსაცმლის ბიზნესი იმაზე დიდ მასშტაბებს იძენს, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა. შეიცვალა ტერმინოლოგია და სიტყვათა წყობაც. თუ წარსულში სხვისი გამოყენებული ტანსაცმელი „ახლის და პრესტიჟულის დაბალფასიანი ალტერნატივა“ იყო, ახლა მეორეული კოლექციების ტარება „ძველი ტანსაცმლისადმი ახალი სიცოცხლის მინიჭება“ და გარემოზე ზრუნვაა. გამომდიანე აქედან, ძვირადღირებული მოდის ბრენდებიც ცდილობენ ფეხი აუწყონ ახალ რეალობას.

ცნობილი იტალიური ბრენდის, Prada-ს მარკეტინგის დირექტორი, ლორენცო ბერთელი აღნიშნავს, რომ მეორეული მოდა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და ამას ვერც ლაქშერი სეგმენტი ჩამორჩება. 2017 – 2021 წლებში, ძველ და უკვე გამოყენებულ კოლექციებზე მოთხოვნა 65%-ით გაიზარდა. “მეორეულ სამოსზე სტრატეგიას ერთი წელია ვიკვლევთ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ,” ლორენცოს თქმით, პრადა ჰიბრიდულ მოდელს განიხილავს, რაც გულისხმობს, როგორც მეორეული ტანსაცმლის ბიზნესში უკვე არსებულ მაღაზიებთან თანამშრომლობას, აგრეთვე – უშუალოდ ბრენდის შიგნით დამოუკიდებელი მიმართულების შექმნას.