2021 წელს, როდესაც პიტერ მიულიემ Alaïa-ში თავისი პირველი ჩვენების ლოკაციად არა პარიზული მოდისთვის შესაფერისი რომელიმე ძვირფასი სივრცე, არამედ ბრენდის ატელიეს გვერდით, ქვაფელინებიანი ქუჩა შეარჩია, მისი მიზანი ნათელი გახდა. „1980-იან წლებში, „ალაიას“ ძალიან ბევრი ქალი ყიდულობდა, განსაკუთრებით ამერიკაში. მაგრამ შემდეგ, ის უფრო სამუზეუმო ბრენდი გახდა. ჩემი სურვილია „ალაია“ მუზეუმებიდან ქუჩაში დავაბრუნო,“ – აღნიშნა დიზაინერმა.

დებიუტიდან ორი წლის შემდეგ, პიტერი შოუს კვლავ პარიზის ქუჩებში, ღია ცის ქვეშ, ამჯერად, მდინარე სენას მშვენიერი ხედის ფონზე მართავს.

გამჭვირვალე სხეულზე მომდგარი ქსოვილებით, ლატექსის კაბებით, დეკოლტეებით და მაღალწელიანი სამოსით, წარმოდგენილი კოლექცია ყურადღების ცენტრში აქცევს ქალის სხეულის მიმზიდველობას, რაც Alaïa-ს ხელწერის განუყოფელი ნაწილია. ხოლო ნეიტრალურ შავ, თეთრ და ნაცისფერ ფერებში შექმნილი ტრადიციული ქურთუკები, კლასიკური სილუეტები, ჯეკი კენედის ეპოქისათვის დამახასიათებელი ქუდები, კოლექციის სექსუალურ მხარეს აბალანსებს და მას ყოველდღიურად ტარებადს ხდის.

კოლექციის კლასიკური სილამაზის წარმოსაჩენად ბრენდმა მაღალი მოდის ცნობილი ტოპ მოდელები შეარჩია, მათ შორის: ანა ევერსი, ნატაშა პოლი, მარიაკარლა ბოსკონო და ვიტორია ჩერეტი.