ვეს გორდონის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, Carolina Herrera-ს მოდის სახლმა ელეგანტური და კლასიკური იერსახე წარმატებით შეინარჩუნა. სეზონიდან სეზონზე, ახალგაზრდა დიზაინერი ამტკიცებს, თუ რამდენად კარგად ესმის ბრენდის ისტორია, რომელიც ფემინურობის შთაგონებით შეიქმნა. 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში, გორდონი კიდევ უფრო განვითარდა.
“გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაში ბევრი პრინტი იყო წარმოდგენილი.. შემოდგომისთვის მინდოდა რაღაც უფრო მდიდრული და ძვირფასი შემექმნა, რაც პროფესიონალიზმსა და ოსტატობას გამოკვეთდა.” – თქვა გორდნმა ჩვენების დასრულების შემდეგ.
ყვავილის პრინტები კვლავაც შესამჩნევ ადგილს იკავებდა კოლექციაში, თუმცა შავი კოსტიუმების დიზაინი და გამოყენებული ქსოვილების ძვირფასი იერი, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ბრენდში ვეს გორდონის ყველაზე დახვეწილი ნამუშევარია.
Carolina Herrera შემოდგომა/ზამთარი 2023
ნიუ-იორკის მოდის კვირეული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კალენდარი დატვირთულია ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული დიზაინერებით.
მაშინ, როდესაც Carolina Herrera პოდიუმზე მორიგ დახვეწილ და მდიდრულ კოლექციას გვთავაზობს, LaQuan Smith კომპრომოსების გარეშე აგრძელებს საკუთარი ბრენდის განვითარებას. ახალგაზრდა დიზაინერი, რომელმაც სახელი თამამი, ვულგარული და სოციალური ქსელებზე გათვლილი კოლექციებით გაითქვა, კვლავაც არ ღალატობს თავის ხელწერას. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას ისიც, რომ ზაფხულის ჩვენებასთან შედარებით, ახალი ნამუშევარი მუქი ფერებითა და ნაკლები სიშიშვლით გამოირჩევა.
ჩვენება ნიუ-იორკში, 30 Rockefeller Plaza-ს 65-ე სართულზე გაიმართა. ”ეს ის ადგილია, სადაც მაღალი საზოგადოება იკრიბებოდა, ერთობოდა და შამპანურს სვამდა. სწორედ ასეთი ცხოვრების სტილის მქონე ქალების შემოსვა მსურს,” – თქვა დიზაინერმა ჩვენების დასრულების შემდეგ.
LaQuan Smith შემოდგომა/ზამთარი 2023
ამერიკელი დიზაინერები პრაგმატულობით გამოირჩევიან, მათ უყვართ კომფორტი, პროვოკაცია და მრავალფეროვნება, თუმცა როდესაც საქმე სახასიათო მოდას ეხება, ისინი ინტერესს იშვიათად გამოხატავენ. სწორედ ამიტომ, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის უპირატესობებზე საუბრისას, ხშირად არ ვახსენებთ ატმოსფეროს, რომელიც იმდენად განსხვავებული და ზღაპრულია, რომ რეალობას გწყვეტს.
“როდარტე” ის გამონაკლისია, რომელიც ამერიკულ პოდიუმს ინდივიდუალიზმს და გამორჩეულ ხასიათს მატებს. 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონი ამ მხრივ კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენება შავი დრამატული ლუქებით გაიხსნა. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ შოუს შთაგონება Netflix -ის ბოლოდროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი, Wednesday გახდა.
სერიალის გამოსვლის შემდეგ, გოთიკური სტილი განსაკუთრებით აქტუალურია, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ “როდარტეს” დამფუძნებლები და დიზაინერები, ლორა და ქეით მულევეები წარსულშიც გამოხატავდნენ ინტერესს ზღაპრული ისტორიების და ფერიების მიმართ, თუმცა როგორც უკვე ითქვა, ამ სეზონზე, მათი მოდელები არა უბრალოდ ფერიები, არამედ გოთიკური ფერიები იყვნენ.
Rodarte შემოდგომა/ზამთარი 2023