დიზაინერ ქეთრინ ჰოლსტეინის შექმნილი ბრენდი, Khaite კვლავ ექცევა ამერიკული მოდის ყურადღების ცენტრში. ბრენდმა საკმაოდ მოკლე დროში შეძლო ლოიალური მომხმარებლების შეძენა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულში ღირსეული ადგილის დამკვიდრება, რაც გამოიხატება როგორც კოლექციების მიმართ არსებულ ინტერესში, აგრეთვე გაყიდვებში. Fashionnetwork.com -ის და მოდის პრესის სხვა სანდო წყაროების ცნობით, ბრენდის წლიური შემოსავალი უკვე 100 მილიონ დოლარს აჭარბებს. ამით აიხსნება სიახლეც, რომელიც ჰოლსტეინმა ნიუ-იორკის მოდის კვირეულის 2023 წლის ზამთრის სეზონზე გააჟღერა – მალე Khaite პირველ დამოუკიდებელ მაღაზიას გახსნის.
ბრენდის ზრდა შესამჩნევია არა მხოლოდ ფინანსური ანგარიშების მიმოხილვისას, არამედ პოდიუმზეც. გასული სეზონების განმავლობაში, Khaite-ს ხედვა ქალებისთვის პრაქტიკული და ამავდრულად დახვეწილი იყო. 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას ამ მახასიათებლებთან ერთად უფრო ზრდასრული იერიც გამოარჩევს. დიდი ზომის, მასიური ქურთუკები, ტყავი და სოლიდური, შეიძლება ითქვას, რომ მასკულინური სილუეტები, ქეთრინ ჰოლსტეინის უახლეს შემოთავაზებას მეტად სერიოზულს ხდის.
Coach-ისთვის სტუარტ ვივერსის ახალი კოლექციის სანახავად სტუმრები ნიუ-იორკში, Park Avenue Armory-ის სივრცეში შეიკრიბნენ, მათ შორის იყვნენ ახალი თაობის მუსიკოსები: Lil Nas X და Ice Spice.
კოლექციაც მეტწილად თანამედროვე, ახალგაზრდული ელემენტებისგან შედგებოდა. სილუეტები გრძელი და ტანზე გამოყვანილი იყო, აქსესუარები, განსაკუთრებით ჩანთები, საკმაოდ მრავალფეროვანი. რაც გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ Coach-ის პოპულარობას და კომერციულ წარმატებასაც, ხშირად სწორედ ჩანთები განაპირობებს. ნაქსოვი კაბები ტყავის დეტალების ენაცვლებოდა, რაზეც კრეატიულმა დირექტორმა სტუარტ ვივერსმა შოუს დასრულების შემდეგაც გაამახვილა ყურადღება. “მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ნაქსოვი ძალიან კარგად მუშაობს ტყავის გვერდით”- აღნიშნა მან.
კოლექცია ჯამში მხოლოდ 38 ლუქს აერთიანებდა, რაც თანამედროვე მოდის პრაქტიკიდან გამომდინარე, საკმაოდ მოკრძალებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
“მინდოდა ფემინურობისა და სილამაზის ტრადიციული კონცეფცია გამომეწვია, ამომებრუნებინა ის, რატომ? წესები არის ის, რაც ვფიქრობ, რომ ქალებს აღარ სურთ,” – აღნიშნა ამერიკელმა დიზაინერმა თავის ახალ ნამუშევარზე, რომელმაც უკვე დაიმსახურა დადებითი შეფასება ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალ სეზონზე. კოლექციის მთავარი მიზანი სილამაზის იქ ძიებაა, სადაც სრულყოფილება არ არის მთავარი სტანდარტი.
“მოხიბლული ვარ იმით, თუ როგორ გათავისუფლდნენ ქალები სილამაზის მიკერძოებული და წინასწარ დადგენილი კონცეფციისგან,” – Tory Burch.
ჩვენება ნეიტრალურ ტონალობაში გადაწყვეტილი ლუქით გაიხსნა, რომელიც ერთი შეხედვით, გვაფიქრებინებდა, რომ კოლექცია დიდწილად მინიმალისტური და ერთფეროვანი იქნებოდა, თუმცა როგორც უკვე ითქვა, თორის მიზანი სილამაზის არასრულყოფილებაში ძიება იყო. შედეგად, პოდიუმზე ვიხილეთ ბევრი ერთმანეთთან ნაკლებად თავსებადი დეტალი, სტილი და რეფერენსი. შალის ქვედაბოლოები, ბადისებრი და მაქმანებიანი ტოპები, დენიმი, სპორტული და ამავდროულად გამოსასვლელი კოსტიუმები. ნანახიდან ერთი რამ ცხადია, 2023 წლის ზამთრის სეზონზე, Tory Burch-ის მომხმარებელი არჩევანის მრავალფეროვნების ნაკლებობას ნამდვილად არ იგრძნობს.
Tory Burch შემოდგომა/ზამთარი 2023