იტალიური ბრენდისთვის 2023 წელი განსაკუთრებით ქაოტური გამოდგა. წარმატებული ათწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ამერიკელმა დიზაინერმა, ჯერემი სკოტმა ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა დატოვა. მალევე, ცნობილი გახდა, რომ მას იტალიელი დიზაინერი, დავიდე რენე შეცვლიდა.
რენემ მოსკინოში მუშაობა 2023 წლის პირველ ნოემბერს დაიწყო და სადებიუტო კოლექცია 2024 წლის თებერვალში, მილანის მოდის კვირეულზე უნდა წარედგინა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, 11 ნოემბერს, გარდაიცვალა. 46 წლის დავიდე რენეს გარდაცვალების მიზეზად გულთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა, მოდის სახლი Moschino კი, ახალ კრეატიულ დირექტორთან თანამშრომლობის დაწყებიდან მხოლოდ 10 დღეში, კვლავ შემოქმედებითი ლიდერის გარეშე დარჩა.
რენეს გარდაცვალებიდან 3 თვეში, ბრენდმა ახალი ლიდერი შეარჩია – მოსკინოს არგენტინელი დიზაინერი Adrian Appiolaza უხელმძღვანელებს. ადრიანის პორტფოლიო შთამბეჭდავიდა, ის მოიცავს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Chloé, Louis Vuitton და Loewe.
უფრო კონკრეტულად კი, უნდა ითქვას, რომ მას ათწლიანი გამოცდილება აქვს Loewe-ს მოდის სახლში დიზაინ დირექტორად მუშაობის, ჯონათან ანდერსონის ხელმძღვანელობის ქვეშ. ადრიანი აგრეთვე მუშაობდა სახელგანთქმულ ინგლისელ დიზაინერ ფიბი ფაილოსთან. 51 წლის არგენტინელზე Moschino დიდ იმედებს ამყარებს. რაც შეეხება მომდევნო ჩვენებას, ცნობილია, რომ იტალიური ბრენდის 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება მილანში, 22 თებერვალს გაიმართება.