ვოგის ფოტოსესიებიდან ცნობილი მოდის სახლების პოდიუმებამდე, “Barbiecore” 2022-2023 წლების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტრენდია. ბარბის ესთეტიკის პოპულარობას ხელი არაერთმა ფაქტორმა შეუწყო,მათ შორის განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს გრეტა გერვიგის ახალი ფილმი – „ბარბი“, რომლის პრემიერაც 21 ივლისს შედგება. სანამ ზაფხულის ყველაზე გახმაურებულ კინო ნამუშევარს ვიხილავთ, გავიხსენოთ კოლექცია, რომელიც თითქმის 10 წლის წინ შეიქმნა და იდეალურად ეხმიანება მომენტის ტრენდს.

2014 წლის სექტემბერში, ამერიკელმა დიზაინერმა, ჯერემი სკოტმა „მოსკინოს“ შემოქმედებითი ხელმძღვანელის ამპლუაში, ახალი კოლექცია წარადგინა.

Moschino გაზაფხული/ზაფხული 2015

იმდროისთვის ჯერემის კრეატიული, სახალისო და სანახაობრივი ელემენტებისაგან დატვირთული ხედვა ბრენდისთვის უკვე საკმაოდ გამოკვეთილი და წარმატებულიც იყო. მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი იმ იშვიათი დიზაინერების რიგებს მიეკუთვნება, რომლებისგანაც ქუჩის სტილისა და ანდერგრაუნდის გავლენის ქვეშ მყოფ 2014-2015 წლების მოდის ინდუსტრიაში, მსგავსი განაცხადი მიღებულად ჩაითვლებოდა.