როგორც ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, ფიბი ფაილო LVMH-თან თანამშრომლობით საკუთარ ბრენდს ქმნის. სიახლე პირველად 2021 წელს გავრცელდა. მას შემდეგ, მოდის მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ დამატებით ინფორმაციას. მიმდინარე წლის თებერვალს, თითქმის ორწლიანი ლოდინის შემდეგ, ინგლისელმა დიზაინერმა პირველი კოლექციის გამოსვლის დრო დაასახელა – 2023 წლის სექტემბერი.Phoebe Philo-ს პირველი კოლექციის მოლოდინში, ვრცელდება კიდევ ერთი და არანაკლებ ამაღელვებელი სიახლე, რომელმაც უკვე აალაპარაკა მოდის სამყარო. როგორც ვკითხულობთ, ფიბი ფაილოს ბრენდის სახე თვით დარია ვერბოვი იქნება. კანადელი-უკრაინელი დარია ვერბოვი 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი იყო. 2009 წელს, მისი განცხადება მოდიდან წასვლის შესახებ, შოკისმომგვრელ ამბად მოედო მოდის ინდუსტრიას. მიზეზებზე საუბრისას, დარიამ განმარტა, რომ „ფიზიკურად და გონებრივად ვეღარ უძლებდა“ დატვირთვით მუშაობას. მას შემდეგ, საკულტო მოდელი ძალიან იშვიათად და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ჩნდებოდა კამერების წინაშე. ასეთი გამონაკლისი კი, სწორედ ფიბი ფაილოს Céline იყო.
დარია Céline-ის სარეკლამო კამპანიებში, ფოტოგრაფი: Juergen Teller.
მას შემდეგ, რაც 2018 წელს, ფაილომ Céline-ს შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა დატოვა, დარია მოდის ინდუსტრიიდან გაუჩინარდა. ფაილოსა და ვერბოვის საერთო „ქამბექს“, თუ გავრცელებული ხმები სიმართლეს შეესაბამება, მოდის ინდუსტრიის ახდენილი ოცნება შეგვიძლია ვუწოდოთ.