
მიმდინარე თვეს, Victoria’s Secret-მა 2022 წლის ბოლო 3 თვის გაყიდვების ანგარიში გამოაქვეყნა. ბრენდის შემოსავლები, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ით ნაკლებია და 2.021 მილიარდ დოლარს შეადგენს. მიუხედავად გაყიდვების კლების ტენდენციისა, ბრენდის ფინანსურმა ხელმძღვანელმა, ტიმოთი ჯონსონმა პრესას ამაღელვებელი სიახლე გაუზიარა – წელს ვიქტორია სეკრეტის შოუ ბრუნდება.
ვიქტორია სეკრეტის პირველი ჩვენება 1995 წელს ნიუ-იორკში გაიმართა, 1999 წელს ჩვენება პირველად გადაიცა პირდაპირ ეთერში, მას 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა, რამაც ვიქტორია სეკრეტის გლობალურ ფენომენად გარდაქმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 2019 წელს, პირველი ლაივ-შოუდან 20 წლის თავზე, Victoria’s Secret-მა შოუს გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა არაერთი გახმაურებული სკანდალი, რეიტინგის კლება და რეპუტაციული ზიანი, რომელმაც მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი, 7 მილიარდიანი ბიზნესი კრიზისის წინაშე დააყენა.



მრავალფეროვნების და შემოქმედებითობის ნაკლებობა, სიახლეების მიუღებლობა, კულტურული და სოციალური ცვლილებები – ვიქტორია სეკრეტის რეიტინგის კლების ბევრი მიზეზის დასახელება შეგვიძლია. ბრენდს, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოსთან დიალოგში შესვლა უჭირს, მომავალი არ აქვს. თუმცა „ვიქტორიას საოცნებო სამყაროს“ ჩამოშლის პროცესი ამდენად მარტივი არ ყოფილა.ტოქსიკური გარემო და მოდელების მრავალფეროვნების ნაკლებობა ბრენდის გარშემო განვითარებული ბოლოდროინდელი ქაოსის მხოლოდ ერთი მხარეა, მეორე მხარეს კი, იდგნენ ვიქტორია სეკრეტის მფლობელი, ლესლი ვექსნერი და მისი საკამათო კავშირი სექსუალურ ძალადობასა და პედოფილიის საქმეზე გასამართლებულ ჯეფრი ეფსტეინთან.
ასე მაგალითად, 1991 წელს, ლესლიმ თავის მფლობელობაში არსებულ ყველა კომპანიაზე, მათ შორის ვიქტორია სეკრეტზეც, ფინანსური წარმომადგენლის უფლება ჯეფრის მიანიჭა. რაც ბევრისთვის დაუჯერებელი ამბავი იყო, გამომდინარე იქედან, რომ ზუსტად 1991 წელს, ბრენდში დასაქმებული ადამიანებისთვის ცნობილი გახდა, რომ ეფსტეინი ახალგაზრდა ქალებთან ურთიერთობის დამყარებას Victoria’s Secret-ის აგენტის სახელით მოტყუებით ცდილობდა. დროთა განმავლობაში,ჯეფრის მიმართ სექსუალური შევიწროების და პედოფილიის ბრალდებებიც გაჩნდა, თუმცა ლესლი ვექსნერი აგრძელებდა მასთან თანამშრომლობას და ახლო მეგობრობას. სექსუალური ძალადობის და არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის საქმეზე გასამართლებულ პიროვნებასთან ახლო მეგობრობა და თანამშრომლობა ვიქტორია სეკრეტის მფლობელს ძვირად დაუჯდა. 2019 წელს, ეფსტეინი ციხეში საეჭვო გარემოებაში გარდაცვლილი იპოვეს. კითხვების არსებობის მიუხედავად, მისი სიკვდილი თვითმკვლელობად შეფასდა. ამ ყველაფერმა კი, ვიქტორია სეკრეტის იმიჯსა და რეპუტაციაზე სერიოზული გავლენა იქონია.



Victoria’s Secret-ის 2018 წლის შოუს რეკორდულად დაბალი რეიტინგი ჰქონდა, გაყიდვები დაცემას აგრძელებდა, პრესა კი, აქტიურად აკრიტიკებდა ბრენდის ხელმძღვანელობის მოძველებულ სტანდარტებს. სტატისტიკა აჩვენებდა, რომ შოუში და კატალოგში დამტკიცებული გოგონების უმრავლესობა ერთ სტანდარტში ჯდებოდა – ქერა თმა და ღია ფერის თვალები. 20 წლის განმავლობაში, ბრენდში არ მოხვედრილა ბუნებრივად წითური ანგელოზი, ჩვენება არასდროს გაუხსნია ფერადკანიან მოდელს. კარი დახურული იყო აზიელი გოგონებისთვისაც. 2015 წელს, VS-მა 15 ახალი ანგელოზი წარადგინა, საიდანაც უკლებლივ ყველა თეთრკანიან გოგონას ღია ფერის თვალები ჰქონდა. რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა ბრენდის ქასტინგ დირექტორების დამოკიდებულებას არა მხოლოდ ფერადკანიანი, არამედ შავგრემანი მოდელების მიმართ. გაყიდვებისა და რეიტინგის კლებამ ვიქტორია სეკრეტის ხელმძღვანელობას ცვლილებებისკენ უბიძგა, მათ წარადგინეს ფერადკანიანი, აზიელი, შავგრემანი, პლუს-ზომის ანგელოზები, თუმცა საზოგადოებას ბრენდის გადაწყვეტილებაში გულწრფელობის ნაკლებობა არ გამოჰპარვია, ამიტომ ვიქტორია სეკრეტის მიუღებლობა და კრიზისი გაღრმავებას აგრძელებდა.
2021 წელს, Victoria’s Secret-მა რებრენდინგისა და ახალი სტრატეგიის შესახებ განაცხადა, ერთ-ერთი პირველი დიდი ნაბიჯი კი, “ანგელოზების” ეპოქის დასრულება იყო. კომპანიამ “ანგელოზების” ინსტიტუტის გაუქმებასთან ერთად, ორი ახალი ინიციატივა წარდგინა. Victoria’s Secret Collective და Victoria’s Secret-ის გლობალური ფონდი ქალებში კიბოს გავრცელების წინააღმდეგ – სწორედ ამ ორი ახალი პროექტით დაიწყო ახალი ეტაპი. Victoria’s Secret-ის ამბასადორებს შორის გამოჩნდნენ ცნობილი სახეები, მათ შორის პრიანკა ჩოპრა და ამერიკელი ფეხბურთელი ქალი – მეგან რაპინოუ.

ზემოხსენებულიდან ცხადია, რომ ისტორიული ცვლილებებიდან 2 წლის თავზე, ვიქტორია სეკრეტის შოუ იმ ფორმით, როგორსაც მას 20 წლის განმავლობაში ვადევნებდით თვალს, არ დაბრუნდება. ბრენდის წარმომადგენლები მიზნად ისახავენ დაუმტკიცონ მსოფლიოს, რომ კომპანიაში რეალური ცვლილებები განხორციელდა და ისინი განახლებული ხედვით ბრუნდებიან, რომელიც პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს. თუ როგორია „ახალი ვიქტორია სეკრეტი“ ამას 2023 წლის შოუ ნათლად გვანახებს.