ბოლო თვეები მოდის ინდუსტრიისთვის დიდი ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა. ტომ ფორდის და Estée Lauder-ის გახმაურებული გარიგებიდან დაწყებული, ალესანდრო მიკელეს და გუჩის შორის კონტრაქტის შეწყვეტით დასრულებული, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2023 წელი მოდისთვის განსხვავებული რეალობით დაიწყება.

ცვლილებებია Prada Group-შიც – მიუჩია პრადა და პატრიციო ბერტელი აღმასრულებელი დირექტორების თანამდებობას ტოვებენ.

მიუჩია პრადა და პატრიციო ბერტელი

მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ მიუჩია პრადა კვლავაც რჩება როგორც პრადას, აგრეთვე მიუ მიუს შემოქმედებითი დირექტორის პოზიციაზე. ის ტოვებს პრადას კონგლომერატის, Prada Group-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.

მიუჩია პრადა და მისი მეუღლე, პატრიციო ბერტელი Prada Group-ს გასული საუკუნიდან ხელმძღვანელობენ. სწორედ მათი მმართველობის პერიოდში მიაღწია პრადას ბიზნესმა გლობალურ წარმატებას. თუმცა ახლა, ლეგენდარული წყვილი მზად არის მმართველობის სადავეები დათმოს და აღმასრულებელ საბჭოში გადაინაცვლოს.

უკვე ცნობილია, რომ Prada Group-ის ახალი გენერალური დირექტორი Andrea Guerra გახდება. ანდრეას ძვირადღირებული მოდისა და lifestyle-ის მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის მოდის უმსხვილესი კონგლომერატის, LVMH-ის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი იყო.

პრადას ახალი აღმასრულებელი დირექტორი – Andrea Guerra

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ მიუჩია პრადას და პატრიციო ბერტელის მათივე შვილი, ლორენცო ბერტელი შეცვლიდა. ლორენცო ბერტელი 1988 წლის 10 მაისს იტალიაში დაიბადა. მან კარიერა ავტომრბოლელად დაიწყო. თავისი მშობლების კომპანიას, ის 2017 წელს მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით შეუერთდა. ჭორები იმის შესახებ, რომ პრადას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას სწორედ ლორენცო დაიკავებდა, შარშან ამ დროს გავრცელდა. მაშინ პატრიციო ბერტელიმ აღნიშნა, რომ ლორენცოს ბიზნესის განვითარებაში სწორი პოზიცია აქვს. მიუხედავად ამისა, პრადას ინვესტორები და მმართველობითი საბჭო,მაინც სიფრთხილით ეკიდებოდა ნაკლებად გამოცდილი ლორენცო ბერტელისთვის 4 მილიარდიანი იმპერიის ხელმძღვანელად დაწინაურებას.

ლორენცო ბერტელი

უნდა ვივარაუდოთ, რომ საბოლოოდ, საკმარისი გამოცდილების დაგროვების შემდეგ, Prada Group-ის გენერალური დირექტორი ლორენცო ბერტელი გახდება, თუმცა მანამდე, საპასუხისმგებლო მისიისთვის თავის გართმევას Andrea Guerra შეეცდება.