13 იანვარს, მილანის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონი Gucci-ს ჩვენებით გაიხსნა. გასულ სამ წელში, გუჩის კაცის ხაზის პრეზენტაცია განცალკევებულად პირველად მოეწყო. ამასთან ერთად, ჩვენებას არ ჰყავდა ოფიციალურად წარდგენილი შემოქმედებითი დირექტორიც.
ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ Gucci-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ალესანდრო მიკელემ მოდის სახლი გასული წლის ნოემბერში დატოვა. ბრენდს მისი შემცვლელი დღემდე არ დაუსახელებია. მიუხედავად იმისა, რომ მიკელეს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, გუჩის გაყიდვები თითქმის გასამმაგდა და 10 მილიარდ ევროს მიაღწია, პოსტ-პანდემიური პერიოდი ბრენდისთვის მარტივი არ ყოფილა.
კორონავირუსის პანდემიის კრიზისმა Gucci-ში შესამჩნევი პრობლემები გამოიწვია. ცნობილი გახდა, ბრენდის გაყიდვები 9.6 მილიარდი ევროდან 7.4 მილიარდ ევროზე ჩამოვიდა, რამაც მფლობელებს შემოქმედებითი ხედვის განახლებისკენ უბიძგა. გუჩის მენეჯმენტმა ალესანდრო მიკელეს დიზაინის ცვლილების მოთხოვნით მიმართა, თუმცა იტალიელი დიზაინერი ამ წინადადებას თანხმობით არ შეხვდა.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ნათელი იყო, რომ გუჩის ახალი კოლექცია არა მხოლოდ მომავალი სეზონის ტრენდების გამოხატულება, არამედ მოდის სახლში ახალი ერის დასაწყისიც იქნებოდა. ეს კი, ჩვენების მიმართ ინტერესს საგრძნობლად ზრდიდა.
ბრენდის ახალი მიმართულების ზოგადი კონცეფცია პირველივე ლუქებიდან გამჟღავნდა. ჩვენება უბრალო თეთრი მაისურით და ღია ხაკისფერი შარვლით გაიხსნა, რომელსაც შეხამებული ჰქონდა მუქი ყავისფერი, ასევე დიდი ზომის ჩანთა. გასულ წლებში, ალესანდრო მიკელემ გუჩი ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან ბრენდად აქცია. მისი სამოსი შთაგონებული იყო განსხვავებული ისტორიებით, პიროვნებებითა და ეპოქებით. აქსესუარების, ფორმების, ფერების თუ ფენების სიმრავლით, მიკელეს გუჩი მოდისადმი მაქსიმალისტური მიდგომის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება იყო. იგი არასდროს კმაყოფილდებოდა უბრალო თეთრი მაისურით, რომელსაც ლოგოც კი არ აქვს.
ჩვენებაზე წარმოდგენილი სამოსის სიმარტივე და ბანალურობა გვაფიქრებინებს, რომ იტალიური ბრენდის მფლობელებისთვის სასურველი ცვლილება გუჩის უფრო უსაფრთხო და კომერციული გეზით განვითარებაა.
პირველი ჩვენება ალესანდრო მიკელეს გარეშე